
სულ რაღაც 13 წლის იყო ასიე, როცა მის უფროს ძმას ჯარში გაწვევის საბუთი მოუტანა სახლში სოფლის მუხტარმა.
არავის გახარებია.
ამ მხარეში არასდროს უხაროდათ ტრაპიზონიდან ჩამოსული კონვერტის ნახვა, რომელზეც მწვანე ფერის ბეჭედი იყო დადუღებული.
არ უხაროდათ, რადგან, საუკუნეები კი გასულიყო, მარა მაინც დაპყრობილად თვლიდნენ თავს და დამპყრობლის სამსახურში ყოფნა უთავმოყვარეო საქმიანობად მიიჩნეოდა ამ მთაგორიან მხარეში.
თუმცა, ამ წუთას წყენაზე მეტად გაკვირვება გამოიწვია უდროო დროს მოსულმა გაწვევამ.
როგორ წესი, წელიწადში ერთხელ, გაზაფხულისას იწვევდნენ ასკერში.
ახლა კი მარიამობისთვე ხმებოდა შემოდგომის ზღურბლთან.
- სამშაბათს ბათუმში ვიყავით მე და რაშიდი. ბიცოლა მოუკვდა იქ და გამიყოლა. ქალაქში ურუსის ასკერი ირეოდა ნამეტნავად. თევზის ბაზარში ერთი ხემშინი ვაჭარი დაეწიოკებინათ და ცაზე ვარსკვლავს წყვეტდა ის უბედური, ისე ღრიალებდა. უკანა გზაზე, სარფში თანთუშების ღობე მოერღვიათ და ორმოს თხრიდნენ. ალაჰი ნუ გამიწყრება, ომს გვიპირებენ ეგ ურჯულოები – ამოიოხრა ყაბალახიანმა ბერიკაცმა, რომელიც კერიასთან დამჯდარიყო და უზარმაზარტარიანი ჩიბუხით სამსუნის თუთუნს აბოლებდა.
- რას ამბობ ძია ჰალით! 40 წლის წინ რომ იომეს თურქმა და ურუსმა მანდ მორჩა ომი. არაა ათათურქი სულელი კაცი და არც ის ოხერი სტალინი ჩანს აბდალი. არავის აწყობს ახლა ომი – ეს სიტყვები ასიეს მამას, იაშარს ეკუთვნოდა. აღელვებულიყო და ბოლთას სცემდა ოთახში.
- ეცი ბოლთა, ეცი! იქნებ ნაბიჯების გადადგმა მაინც ისწავლო როგორმე – ვერ მოითმინა დურიემ, იაშარის ცოლმა და დაუცაცხანა ქმარს.
- რა გინდა ქალო?
- რა რა მინდა, რამდენი ხანია შენი ძმა კონსტანცადან იწერება გამოუშვი ბავშვი ჩემთან, გემზე ვამუშავებო. არა და არ იქნა შენი განძრევა! ვერ გადაწყვიტე და ვერ გაუშვი. აჰა, და გამართლდა ჩემი სიზმარი! წუხელ კოსტაფხეს დედაბერს მოვუყევი და ცუდის ნიშანიაო იმანაც მითხრა. გაუშვი ახლა და იაროს თურქის ასკერებთან ერთად კარაბინით მხარზე!
- შენს საქმეს მიხედე დედაკაცო! ნუ დამიწამლე სიცოცხლე.
- დამშვიდდი იაშარ – ძია ჰალითმა ჩაყვითლებული კბილებიდან წყევლასავით გამოსცრა მტრედისფერი ბოლი და წამოიმართა – ქალებს ნუ აჰყვები, არ შეშვენის მაჰმადიან კაცს. მითუმეტეს დედაა, გული შესტკივა შვილზე, რა გიკვირს? წამოდი, ეზანის დროა, ჩავიდეთ მეჩეთში, ილოცე და დამშვიდდები. ალაჰი მოწყალეა და თავის შვილებს განსაცდელში არ ჩაყრის.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ჯარში გაწვეულ მუსტაფას, თავი მუხლებში ჩაერგო და ხელები კიდევ თავზე შემოეწყო. დატკეპნილ მიწას დაჰყურებდა და სისხლი არ უმოძრავებდა ძარღვებში. მისი ერთადერთი საფიქრალი ჰატიჯე იყო, კადირ ჟორდანიას ქალი, რომელსაც ჩუმ-ჩუმად მსქიბუღალთან ხვდებოდა ყოველდღე და აღტაცებით უყვებოდა იმ საჩუქრებზე, რომელიც მისთვის კონსტანცადან უნდა ჩამოეტანა. ჰატიჯეც სულგანაბული უსმენდა ხოლმე მუსტაფას და იმდენად გაიტაცებდა მომავლის ფიქრები, რომ ბოლოს არც არაფერი ესმოდა, სანამ სიმინდის ყანაში, ღელეზე დამაგრებული მექანიკური საფრთხობელის სათავსო წყლით არ აივსებოდა, გადაიწონებოდა და სიპ ქვაზე რახარუხს არ მორთავდა.
ასიე კარსუკნიდან უსმენდა უფროსების საუბარს და მასაც გული დაწყდა.
მუსტაფა შეპირდა ცოტა ხნის წინ, კონსტანცაში როგორც კი ჩავალ, უმალვე ბაზარში გავიქცევი, წითელ და ვარდისფერ საკაბეებსა და ჭრელა-ჭრულა ბურთულებს გიყიდი მძივისთვისო. აბა აწი რაღა დროს მისი კაბა და მძივი იყო.
* * *
მეჩეთიდან დაბრუნებული იაშარი მაგიდას მიუჯდა და მთელი ოჯახი შეკრიბა.
ოთხი შვილი ჰყავდა – ჰასანი, რომელიც უკვე დაცოლშვილებულიყო, მუსტაფა, 15 წლის ოსმანი და ნაბოლარა ასიე.
დურიემ ქაფშიით შეკმაზული ფხალი და მჭადი მოიტანა სუფრაზე, ასიემ წყაროდან ამოტანილი წყალი ჩადგა დოქით და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.
- მაშ ასე, ჰასან, ხვალ ჩაკიდებ ხელს მუსტაფას და ასიეს ხელს, ჩახვალთ მაკრიალში. იქ ჯევაჰირ ზვანბაია გელოდებათ, სამეგრელოში მიცურავს თავისი კატარღით და ანაკლიაში გაგიყოლებთ. ბავშვებს ძია თამაზთან ჩაიყვან და დატოვებ. შენც დარჩი ცოტა ხანი. სანამ ეს აურზაური ჩაივლიდეს. შენს ცოლ-შვილს ჩვენ მივხედავთ, ერთი და ორი თვე არაფერი მოუვათ. მანამდე მე ტრაპიზონში ჩავალ და ვინმეს შევაწუხებ, რომ მუსტაფას ჯარის ამბავი ჩავაწყო. მერე ჩამოხვალთ და ორივეს კონსტანცაში გაგამგზავრებთ ბიძათქვენთან.
ჰასანმა კარგა მოზრდილი მჭადის ნატეხის ლოღნა შეწყვიტა და გაშეშდა. რამდენჯერმე ნერწყვი გადაყლაპა და სცადა სიტყვებისთვის თავი მოეყარა, მარა სანამ მჭადნარევ ფრაზებს ლუღლუღებდა, იაშარმა შუათითზე წამოცმული უზარმაზარი ბეჭდით დოქზე დააკაკუნა და სუსხშეპარული ხმით მიუგო შვილს:
- ტყუილად ნუ გაირჯები და ნურაფერს მეტყვი. მე არ მიკითხავს. მე გიბრძანე. ხოჯამ რუსული ფული მასესხა სიმინდობამდე, 30 მანეთი, აიღე და სანამ მზე მოევლებოდეს გორაკებს, გზას გაუყევი.
ასიეს გაუხარდა. აცქმუტდა. აკუნტრუშდა. ადრე ბავშვობაში იყო ბიძასთან ნამყოფი და კარგად ახსოვდა ის დრო.
მუსტაფა ჰასანზე მეტად მოიღუშა.
რაღა ჯარში გაეშვათ და რაღა ანაკლიაში.
ჰატიჯეს მაინც ვერ ნახავდა.
სუფრასთან ბოდიში მოიხადა და გავიდა. ზღურბლს რომ გასცდა, ქურდივით ნაცეცები თვალებით მოიხედა უკან და მყისვე ღობეს გადაევლო, საიდანაც ყანაში გაუჩინარდა.
- ამას რაღა მოუვიდა ქალო?
- ეჰ ჩემო ბატონო, რაღა ურუსის სალდათს მოუკლავს ეს უდღეური და რაღა კადირ ჟორდანიას, დაგვაქცევს ერთ დღესაც.
- კარგი, ჰო. ყველაფერზე ნუ წუწუნებ. არ გამიზრდია მე უწესო შვილი და მოსაკლავს არაფერს იკადრებს. ნახავს, დაემშვიდობება და მოვა, აბა სად წავა.
* * *
ჯევაჰირ ზვანბაია თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის წინ აფხაზეთიდან ჩამოსული თავადების შთამომავალი იყო. მისი წინაპრები ანჩაბაძეებთან ერთად დაძრულიყვნენ აბჟუადან და მაკრიალში ჩასახლებულიყვნენ. ათათურქის მოსვლამდე მაკრიალს სწორედ ზვანბაიას გვარის ბეგები მართავდნენ და აქამომდე შეენარჩუნებინათ ხალხისგან მოწიწება და რიდი. თვითონ ჯევაჰირი გაქნილი ვაჭარი იყო, რემზი ფოცხორიშთან ერთად ხან თუთუნით ვაჭრობდა, ხან რკინა-კავეულით, ხან ფარჩეულით. ოჩამჩირეში და ანაკლიაში თონე ჰქონდა, მაკრიალელი მეპურეები ჩაეყვანა და პურს აცხობინებდა. ამ მხარეში ყველაზე შეძლებული ადამიანი იყო და მოკეთეებს ხელსაც უმართავდა. თურქეთსა და საქართველოში მცხოვრებ ლაზთათვის მისი კატარღა მისვლა-მოსვლის ერთადერთი საშუალება იყო, თან ჯევაჰირიც ფულს არავის ართმევდა მგზავრობაში. სამაგიეროდ ორივე გზაზე ნაჩუქარი ნობათით დატვირთული ბრუნდებოდა.
ჰასანს და მის და-ძმას თითქმის საათი დააგვიანდათ და ჯევაჰირმა საყვედური მიაგება ნავსადგურში მოსვლისთანავე. ჰასანმა დაიმორცხვა და და-ძმისთვის ადგილის მოძებნას შეუდგა, მერე თვითონაც მოკალათდა კუთხეში, თავი კედელს მიაყრდნო და თვალები მილულა.
მუსტაფას ხელში ფსკვნილი ეჭირა და ნერვიულად მარცვლიდა, თან ძია ჰალითის მიერ ნასწავლს სიტყვებს იმეორებდა:
- ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიმ, ალაჰი მოწყალეა და არასოდეს დამაშორებს ჩემს ჟორდანიფხეს, გზასაც დაგვილოცავს და შინ მშვიდბოით დაგვაბრუნებს, ბისმილაჰი რაჰმანი რაჰიმ.
ასიე კი ისევ ცქმუტავდა.
უხაროდა.
კატარღა ნაპირს ნელ-ნელა შორდებოდა და ასიე დიდი ხნის მონატრებულივით უცქეროდა ოხვამეს მთას, რომელსაც დილის ნისლი ისე შემოგრაგნოდა თავზე, როგორც ძია ჰალითს ჩალისფერი ყაბალახი. თოლიების გუნდიდან, რომელიც კარგა ხანი მოაცილებდათ, მხოლოდ ერთიღა შერჩენოდა კატარღას, თეთრი და ქათქათა, მუცელზე მოზრდილი მუქი ლაქით. ასიემ თოლიას ახედა და ბავშვური მიამიტობით შეუთვალა:
- უკან რომ მიბრუნდები, დედიკოს უთხარი, ასიე კარგად არის და მალე ჩამოვა-თქოოოოოოოოოო….
27 აგვისტო იყო. 4 წლის წინ, როცა პირველად წაიყვანეს ასიე ანაკლიაში, მთელი სამი თვე დარჩა და ეს თარიღი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. წარმართული გადმოცემის მიხედვით, მარიამობის შემოსვლამდე ტაბაკონის გორაკზე მოკალათებული როკაპი ეშმაკებს გზავნიდა სამეგრელოს სოფლებში, რათა ხალხისთვის ევნოთ, ადამიანები კი უზარმაზარ კოცონებს ანთებდნენ და ზედ სამჯერ ახტებოდნენ, რათა შემოსეული ეშმაკები გამოეფერთხათ და გამოეწვათ. ამ რიტუალის შემდეგ ეწყობოდა ცეკვა-თამაში, შეჯიბრებები, იშლებოდა სუფრა. ეს ყველაფერი კარგად ახსოვდა ასიეს და უხაროდა, რომ ზუსტად ამ დღესასწაულს ემთხვეოდა მისი ჩასვლა.
ანაკლიის ნავსადგომთან მისულებს, ძია თამაზი ნაპირზე დახვდათ.
ძალიან გაუხარდა ბიძაშვილის შვილების ჩამოსვლა და დგაფუნით შევარდა წყალში. ქიმზე გადმომდგარი ასიე ხელში აიტაცა და და ღონივრად მიიკრა მკერდზე. ჰასანმა თავმოკრული გუდა ნაპირისკენ ისროლა და თვითონ წყალში ისკუპა, მუსტაფაც მას მიჰყვა. ძია თამაზმა ანაკლიის ნავსადგომთან შეკრებილ ყოველდღიური სერის მაყურებლებს ხელი აუქნია და გასძახა:
- ჰე, რას გაშეშებულხართ! ჩემი იაშარის შვილები ჩამომივიდნენ ვერ ხედავთ? ჰოდა ნახევარ საათში სახლში იყავით. ის დაფეხვილი ხბო მაინც არ მომდიოდა თვალში და ითუხთუხოს ახლა ქვაბში! ასიე, რამხელა გაზრდილხარ შე ეშმაკის კერძო?
თამაზის ცოლი, მწითური დედაკაცი ცირა ბოსტანში დგა წახრილი და მწვანილს კრეფდა, როცა ჭიშკართან ქმარი და სტუმრები შენიშნა. იცნო გაღმათურები და იმ წამსვე დაყარა დაკრეფილი მწვანილი. თხილის წკნელისგან მოქსოვილი პატარა კარი ხელუკუღმა გააღო და სტუმრების შესაგებებლად გაიქცა. ნამეტანი მსუქანი ქალი კი იყო და სირბილი უჭირდა, თან იდაყვით ტუჩებზე და შუბლზე ოფლს იწმენდა, მეორე ხელითაც თავზე წაკრულ მანდილს ისწორებდა.
დედას შვილები და შვილიშვილები მიჰყვნენ სახლიდან. ჭიშკარს გამოცდენილები არ იყვნენ, რომ ლამის ოცი სული სტუმრებს შემოეხვია და გამართეს ხვევნა-კოცნა. ჰასანმა და მუსტაფამაც მოიხასიათეს, ასიე კი მეცხრე ცაზე იყო, უკვე აღარზ ოხვამეს ნისლიანი გორაკი ახსოვდა და აღაც ლაქიანი თოლია.
თამაზის ცოლმა სახელდახელოდ გაუშალა ნამგზავრ სტუმრებს სუფრა.
ივახშმეს.
მერე აიშალნენ და ბიჭები ძია თამაზს გაჰყვნენ, ასიე კი თანატოლმა ბიძაშვილებმა გაიტაცეს. სანამ კაცებმა ხბო დაკლეს და მოხარშეს, ასიემ ბევრი ითამაშა და დაქანცულს მალევე მიეძინა. უცნაური სიზმარი ნახა: დედა, მამა და ოსმანი მისგან მოშორებით იდგნენ და უღიმოდნენ. ასიეს მისვლა და ჩახუტება უნდოდა, თუმცა საიდანღაც ის ლაქიანი თოლია მოფრენილიყო და სახეზე დაფარფატებდა, უნისკარტებდა და ცხვირპირს უკაწრავდა ბრჭყალებით. ასიემ ხელი აუქშია თოლიას, ამ დროს კი მან ისევ ჩაუნისკარტა და მარცხენა თვალი ამოთხარა. შეშინებულმა ასიემ იბღავლა და გამოეღვიძა კიდეც. მის ყვირილზე ოთხაში ნათესავები შემოცვივდნენ, ატირებული ბავშვი ცირამ ხელში აიყვანა, თუმცა კარგა ხანი ვერ შეძლო მისი დამშვიდება.
იმ ღამეს არ უმხიარულია ასიეს. იჯდა კოცონთან ახლოს და სიზმარი ახსენდებოდა. უკვე ენატრებოდა მშობლიური სახლი და უახლოესი ადამიანები.
- თამაზი! ვო თამაზი! – აღრიალდა ჭიშკართან რესულ მაჭახელოღლი, ანაკლიელი მეთევზე.
- რა გაღრიალებს ბიჭო ამ დილაუთენია, სახლში ვერ შემოხვალ? – თვალების ფშვნეტით გამოეგება თამაზი.
- როგორ შემოვიდე შე დალოცვილო, ერთი ფეხი შეშის ჭრისას გავიფუჭე და ახლა მეორე შენს ქოფაკს შევაჭმევინო?
- ნუ გეშინია კაცო, დაკოდილია მაგი.
- დაკოდილი? კაცო მე იმის კი არ მეშინია, რომ… ტფუჰ! შეგირცხვა ნამუსი. მოიწიე აქეთ,რაღაც უნდა გითხრა – რესული დაფნისგან გაკეთებულ ხელოვნურ ღობეს მიეფარა.
- რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
- ცუდი ამბავია თამაზ.
- ?
- ზვანბაია დაუჭერიათ წუხელ ოჩამჩირეში, ჯევაჰირი. მაგისი თანამეინახე რომაა და კატარღით რომ დაატარებს სულ, ხალბაშელი ვაჭარი, ჰუსეინ პაპასქირი, აი მაგას წინააღმდეგობა გაუწევია და მოუკლავთ, კატარღა კიდევ დაუწვავთ.
- რას ამბობ კაცო, მთრალი ხარ?
- რაღა მთვრალი თამაზ, ერთი ამბავია ატეხილი. სტეფა შელია იყო გუშინ ზუგდიდში და მთელი ჯარი ბათუმში გაიყვანესო. ომი იწყებაო, ასე ამბობენ.
- რა ომი? ვისთან?
- ვისთან და თურქებთან! სტალინს კარგა ხანია თვალში არ მოსდის თურმე ათათურქი და ახლა ცოტა სული რომ მოითქვა ქვეყანამ, ომი დაუპირა მაგ ურჯულოებს. რაც მიწები აქვთ მიტაცებული, უნდა წაართვასო სულ.
- გჯერა შენ ახლა მაგის?
- აბა რა გითხრა თამაზ, ერთი თვის წინ ზუგდიდიან ვიღაც პარტიის კაცი მოიყვანეს ანაკლიაში და იმან ილაპარაკა, თურქ იმპერიალსიტებს ბოლო უნდა მოვუღოთო.
- თურქი იმპერიალისტების დედაც და ბავშვებს რა ვუყო…
საგონებელში ჩავარდა თამაზი.
სახლში სამი თურქეთის მოქალაქე ჰყავდა სტუმრად.
თავისი სისხლი და ხორცი.
რომელთაც, ომი რომ მართლა დაწყებულიყო, ხელუხლებელს არ დატოვებდნენ.
ეზოში შებრუნდა და იქვე წამოგორებულ მორზე წამოჯდა. თუთუნი შეახვია და ბოლი ღრმად ჩაისუნთქა.
- ცუდადაა ხო საქმე ძია თამაზ?
დაფნის ბუჩქიდან ჰასანმა გამოჰყო თავი.
- გვისმენდი ბიჭო?
- ჰო გისმენდით. ასეც ვიცოდი. ჩვენთანაც ფაცი-ფუცი იყო წინა დღეებში. მუსტაფას ჯარში დაუძახეს. მაგიტომაც გამოგვარიდა მამამ იქაურობას. ახლა კი ომი მართლა დაიწყება.
- ნუ გეშინია. ორივე ქვეყანას ჭკვიანი ხალხი მართავს. არ მიიყვანენ ომამდე ქვეყანას.
- ომს სულელები არც იწყებენ ძია თამაზ. სულელებს არ ძალუძთ ომის დაწყება. ომს ჭკვიანი მეთაურები იწყებენ და სულელ ხალხს ახოცავენ ერთმანეთს.
- ჰო. მარა…
- ხოლო ამ ორი ჭკვიანი მეთაურიდან ომს უფრო ჭკვიანი იგებს.
- ნუ დარდობ ჰასან. აი, ნახავ, არაფერიც არ მოხდება.
- გამკვირვებია შენი სიმშვიდის. ყველაზე ცუდი, რაც პირველად მოხდება, იქნება ის, რომ საზღვარს ჩაკეტავენ.
ტყუილად ირჯებოდა თამაზი.
მიხვდა, ჰასანი პატარა ბავშვი არ იყო, გულარხეინი საუბრით რომ დაემშვიდებინა.
იმასაც მიხვდა, რომ ჰასანის სიტყვებში მეტად მოიძებნებოდა სიმართლის მარცვლები, ვიდრე მისაში და გაცხარდა.
ნერვიულად ჩაიჭმუჭნა აბრდღვიალებული ნამწვი ხელისგულში და შორს მოისროლა.
ზედაც მწარე გიანება მიაყოლა და გადააფურთხა.
ჰასანმა ფრთხილად ჩაიცვა ტანსაცმელი, ისე რომ არავის გაეგო და ფეხაკრეფით მიეპარა და-ძმას, რომლებსაც იმავე ოთახში ეძინათ. დაიხარა, მუსტაფას შუბლზე აკოცა და შეყოვნდა ცოტა ხნით. მერე ასიეს ლოგინისკენ წავიდა და მასაც შუბლზე აკოცა, თან ტუჩები დიდი ხანი არ მოაცილა. ასიეს თმაში ორი კურცხალი ჩავარდა, ჰასანის კურცხლები და ამ უკანასკნელსაც შეეშინდა, ვაითუ გაეღვიძოსო და წამოდგა. სამიოდე ნაბიჯი უკან გადადგა და ისეტ ადგილას გაჩერდა, საიდანაც ორივეს ლოგინი კარგად ჩანდა.
- ღმერთი გფარავდეთ. თქვენ ახლა საიმედო ხელში ხართ. ძია თამაზი არ დაუშვებს, რომ თქვენ რამე მოგივიდეთ. მე კი უნდა წავიდე. ჩემს ცოლ-შვილს ვერავინ მიხედავს, მათ მე ვჭირდები. ოსმანიც პატარაა და დედ-მამასაც უნდა მივხედო. იმედია მაპატიებთ ოდესმე, ასე რომ გავიპარე, მარა მე აუცილებლად დავბრუნდები და წაგიყვანთ. ალაჰი მოწყალეა და ის აუცილებლად უშველის ჩვენს ოჯახს. მიყვარხართ – გულში ჩაილაპარაკა ჰასანმა და მისი ქვითინის ხმა რომ არ გაეგოთ, სწრაფად გატრიალდა. კართან მისული შეჩერდა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ქაღალდში შეხვეული 30 მანეთი ამოიღო და ისევ უკან მიბრუნდა ფეხის წვერებზე შემდგარი. ფული ფრთხილად ამოუდო ბალიშქვეშ მუსტაფას და წავიდა.
- კაცად ვერ გაუზრდია იაშარს შვილი! შევარცხვინე მისი ნამუსი! – ღრიალებდა თამაზი და თან აცრემლებულ მუსტაფასა და ასიეს ამშვიდებდა.
- კაი ახლა თამაზ, შენც ნუ იქნები ასეთი გაუგებარი. ცოლ-შვილი დატოვა კაცმა გაღმათში და ვერ დაუდგა გული სხვაგან ამ გაჭირვების ჟამს – ცირა ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა გაცხარებული ქმარი.
- ახლა გამასწარი აქედან ქალო თორემ მაგ შენზე ვიყრი!
ასიე ხვდებოდა, რომ მის თავს რაღაც ძალიან ცუდი ტრიალებდა და გულამომჯდარი ტიროდა. მუსტაფა ფანჯარასთან დამდგარიყო და იმ გზას გასცქეროდა, რომლითაც თავს უშველა მისმა ძმამ.
ნოემბრის თვე იყო, მუსტაფა ნარაგუს ჭაობებისკენ სანადიროდ რომ გაჰყვა თამაზის მეზობლებს.
სახლში დაბრუნებულმა ძალიან ცუდი სიზმარი ნახა: ჰატიჯეს ძაძები ჩაეცვა და გაღმა ნაპირიდან უცქერდა მუსტაფას, თან ტიროდა. ნაპირზე მდგარი თურქი ჯარისკაცი თავისკენ ექაჩებოდა ქალს და კოჭებში მათრახს უტყლაშუნებდა, აკივლებული ჰატიჯე კი მუსტაფასკენ იშვერდა ხელს და შველას ითხოვდა. ცოტა ხანში, სიზმრად თავისივე სიტყვები ჩაესმა, კატარღაზე რომ ამბობდა: „ბისმილლაჰი რაჰმანი რაჰიმ“ და სადღაც შორს თანასოფლელი მჩხიბავი ქალის, კოსტაფხეს ამაზრზენი ხარხარი.
გამოეღვიძა.
ოფლში ცურავდა და ძალიან ცხელოდა.
ფეხზე წამოდგომა სცადა და იქვე ჩაიკეცა.
მეორე დღეს ძია თამაზმა დარჩელელი ექიმბაში მოუყვანა მუსტაფას. ექიმბაშმა კარგად გასინჯა ავადმყოფი, სხეული დაუზილა თავისივე გამზადებული სამკურნალო ნელსაცხებლით და ბალახეული ნაყენი დაუტოვა: ეს ასვით დღეში სამჯერ და ერთ კვირაში თვალში გამოიხედავსო. აუვსეს ექიმბაშს ხურჯინი ნობათით და დალოცვილი გაუშვეს ჭიშკარს მიღმა, თამაზმა ცხენი გამოიყვანა და განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მდინარე ჯუმამდე მიაცილა ექიმბაში. უკან დაბრუნებულს კი ლოყებდახოკილი და თმაგაშლილი ცოლი შემოეგება წივილ-კივილით.
ვერ უშველა მალარიას ექიმბაშის ნაყენმა.
სული დაელია მუსტაფას.
პერანგის ამარა გამოსული ასიე პარმაღზე იდგა და პირგამეხებული გასქცეროდა გაშავებულ ზღვას. ქარი ქარვისფერ თმებს წაღმა-უკუღმა უწეწავდა.
მარტოდმარტო დარჩენილიყო.
* * *
ანაკლიის სასაფლაოზე დაკრძალეს მუსტაფა დიდი პატივით.
ასიემ ლაპარაკი შეწყვიტა.
უკვე 14 წლის გამხდარიყო.
ძმის გარდაცვალებისას შეკერილს შავ ტანსაცმელს არ იშორებდა და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია სამგლოვიარო ძაძები.
მართალია, ძია თამაზი და მისი ოჯახი კარგად ექცეოდნენ, თუმცა ის მაინც მარტოსულად გრძნობდა თავს.
საზღვარი ჩაკეტილიყო და სახლში დაბრუნების არანაირი შანსი არ ჰქონდა ბედკრულ გოგონას.
იჯდა და მუსტაფას ცალკე, გაღმათში დარჩენილ ოჯახს კიდევ ცალკე, ცოცხლად გლოვობდა.
თამაზის მეზობელი, 25 წლის ახალგაზრდა აბდულა რეიზოღლი საგონებელში ჩავარდნილიყო.
ასიე უყვარდა და ვერც თამაზს, ვერც ასიეს ვერ უბედავდა თქმას.
ასიე ატყობდა და თვითონაც მოსწონდა ბიჭი, თუმცა სათოფეზე არ იკარებდა მას, მითუმეტეს თვეები ისე გადიოდა, რომ ოთახიდან არ გამოდიოდა.
აბდულამ მამას გაანდო გულისწადილი და სთხოვა, თამაზისთვის ეთხოვა ასიეს ხელი.
მამამისსაც ძლიერ მოსწონდა პატარა შაოსანი ქალი და დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა თამაზის ხლებოდა.
თითქმის მთელი ღამე ისაუბრეს მეზობლებმა.
თამაზმა თანხმობა განუცხადა, თუმცაღა უთხრა, რომ მთავარი ასიეს დაყოლიება იყო.
დაიყოლიეს.
რამდენიმე კვირიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ასიემაც გადაწყვიტა დინებას მიჰყოლოდა და აბდულას გაჰყვა ცოლად.
შუაღამე რიჟრაჟისკენ წახრილიყო.
სტამბოლის ერთ-ერთ ქარხნის დირექტორის ოთხაში შუქი ენთო.
მაღალი, ხმელი, თეთრწვერა მოხუცი ტყავის სავარძელში ნერვიულად ტრიალებდა და სურათს ათვალიერებდა.
იქვე ტახტზე ახალგაზრდა მამაკაცი თვლემდა.
- ისმაილ! – გასძახა მოხუცმა ახალგაზრდას.
- ჰეი!
- მოდი ჩემთან.
- რა ხდება?
- შეგიძლია ამ ფოტოსურათის ასლი გააკეთო?
- კი, შესაძლებელია.
- კეთილი. წერილი უკვე დავწერე. ხვალ დილით გაიქეცი და ამ სურათის ასლი გააკეთე, შემდეგ კი წერილთან ერთად გაუშვი ისევ.
- მამა, უკვე მეთვრამეტედ აგზავნი და არცერთხელ არ მისულა. რა გარანტია გაქვს რომ ახლა მივა?
- სანამ პირში სული მიდგას არ შევეშვები. ძლივს მივაგენი და სანამ არ გავიგებ ცოცხალია თუ არა, არ მოვისვენებ. შვილო, უსისხლო და უგულო კაცად არ გამიზრდიხარ და ნუ გეზარება, შენს სისხლსა და ხორცზეა საუბარი.
- არა მამა, მეც ძალიან მინდა მათი პოვნა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 18-ჯერ გავაგზავნეთ წერილი და არცერთხელ პასუხი არ მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიდის ადრესატთან. იქ საბჭოთა კავშირია, საზღვარგარეთიდან შემოსულ ყველა წერილს ხსნიან და კითხულობენ, რომელსაც ჩათვლიან საჭიროდ გაგზავნიან, რომელსაც არა – დაწვავენ.
- ისმაილ, შვილო, გააკეთე რაც გითხარი. დილითვე.
- კეთილი მამა.
შუადღე იყო, როცა ანაკლია კივილმა შეძრა.
რეიზოღლების სახლიდან გამოდიოდა კივილის ხმა.
მოხუცი ასიე დამდგარიყო შუა ეზოში, ხელში ფურცელს ატრიალებდა და განწირული ხმით კიოდა.
ორიოდე წუთში ეზო ხალხით გაივსო.
ასიე ისე იცხადებდა, თითქოს ვინმე გარდაცვლილიყო, თუმცა მისი ბაგეებიდან სულ სხვა შინაარსის სიტყვები იღვენთებოდა.
- ვიპოვე, ვიპოვეეეეეე… ცოცხალია, ხალხოოოოო…. ჩემი ოსმანი, ჩემი ერთადერთი და საყვარელი ცოცხალიაააააა!!!
წერილს მოეღწია ადრესატამდე.
ასიესთან ერთად მის ეზოში მთელი ანაკლია ტიროდა.
ოსმან აბდულიშმა ასიეს მოსაწვევი გამოუგზავნა, საზღვარი გაიხსნა და შენს ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩამოდიო. თუმცა, სტამბოლში ჩასვლაზე უარის თქმა მოუწია ასიეს – ჯანმრთელობა გვარიანად შერყეოდა და მგზავრობას ვერ იტანდა. მეორე დღესვე საპასუხო წერილი გაუგზავნეს ოსმანს, სტამბოლში ვერა, თუმცა ჩვენს სოფლამდე ჩამოსვლას შევძლებ და იქ შევხვდეთო. მუსტაფაც დათანხმდა და ოჯახითურთ გამოეგზავრა მშობლიურ სოფელში.
ასიეს წაყვანა მისმა ვაჟმა, იგორმა ითავა, ჩაისვა მანქანაში და ერთ დღესაც გაუდგნენ თურქეთის გზას.
საზღვარს როგორც კი გასცდნენ, ასიეს ხუთვამ მოუარა და ცუდად გახდა.
როგორც კი თავი ოდნავ კარგად იგრძნო, იგორმა გზა განაგრძო.
ორიოდე კილომეტრში ასიემ მანქანის გაჩერება სთხოვა იგორს და გადავიდა.
გზიდან ოცდაათიოდე მეტრი გაიარა და იქვე მარტოდმარტო მდგარ მსხლის ხეს ჩაეხუტა.
ეს მსხლის ხე მის ეზოში იდგა და მთელი ბავშვობა ამ ხის ქვეშ ჰქონდა გატარებული.
თუმცა სახლის ნატამალი არ ჩანდა, ირგვლივ მოტიტვლებული მინდორი იყო, სადაც ეულად იდგა ასწლოვანი მსხლის ხე.
სოფელში შევიდნენ.
ოსმანი და მისი ჯალაბობა ნათესავის სახლში დაბარგებულიყვნენ.
აკანკალებული ასიე იგორმა შეიყვანა სახლში.
ასევე აკანკალებული ოსმანი ისმაილმა გამოაგება დას.
70 წელი გასულიყო.
რაც ერთმანეთი არ ენახათ.
ასიე 83 წლის გახლდათ, ოსმანი 85-ს.
ერთმანეთი დაინახეს თუ არა, ჩაეხუტნენ და პატარა ბავშვებივით, მოხუცი და-ძმა მიწაზე დაემხნენ აბღავლებულები.
ყველანი ტიროდნენ.
საცოდაობა ტრიალებდა იმწუთას იქ.
მჭიდროდ ჩაეკრა ოსმანს ასიე და მხეცივით ღრიალებდა.
გულისგამაწვრილებლად მოთქვამდა და კიოდა ასიე.
- მიცანი? აღმოხდა ასიეს როგორც იქნა.
- თითებით გიცანი, და თვალებით.
პ.ს. და-ძმის შეხვედრის ვიდეოც იყო გადაღებული და ამ დრომდე ინახებოდა სარფში, თუმცა დღეისათვის დაკარგულია. ვცდილობ, მეორე ასლი მოვიძიო თურქეთში და თუ ვიპოვე აუცილებლად დავდებ მასაც.






ქართველურ ენათა კლუბის პრეზენტაცია FreeUni–ში
ქართველურ ენათა კლუბის პრეზენტაცია FreeUni-ში
ქართველურ ენათა კლუბის პრეზენტაცია FreeUni-ში
ქართველურ ენათა კლუბის პრეზენტაცია FreeUni-ში
