სახიფათო თამაშები

ავანტიურისტული და პროვოკაციული თამაშების კვალდაკვალ

დაგვიანებული პასუხი უმსგავსობისა და

არაკეთილსინდისიერების მესვეურთ

8 სექტემბერი, 2008

ჩემს სამშობლოში აგვისტოს თვეში დატრიალებული უბედურების გამო წინამდებარე წერილის გამოქვეყნება მეტად დამიგვიანდა. პატარა სახელმწიფო, სადაც მე ვცხოვრობ, დიდმა რუსეთმა დაიპყრო, ქვეყანაში 10000-ზე მეტი ბოევიკი და ასობით საბრძოლო ტექნიკა შემოიყვანა, დაბომბა და მიწასთან გაასწორა ქალაქები: გორი, ცხინვალი, ფოთი, სენაკი. ომის შედეგად დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უამრავი ბავშვი, მოხუცი და ორსული ქალი. რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული იქნა ზუგდიდი, ჩემი მშობლიური ქალაქი, ჩაიკეტა გზები და რეგიონთან გაწყდა კავშირი, რის გამოც ზუგდიდში დარჩენილი ჩემი ოჯახის წევრების მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობი იყო ჩემთვის. ასეთ პირობებში ამ წერილის გამოქვეყნებაზე ფიქრისთვისაც კი არ მცხელოდა, თუმცაღა ძირითადი კონტურები წერილისა უკვე მომზადებული მქონდა.

წინამდებარე წერილი ეხება ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში ჩემს მიმართ განხორციელებულ ბინძურ კამპანიას, რომელიც ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საიტის, www.kolkhoba.org-ის ადმინისტრატორის, ბ-ნ ერქან თემელის მიერ ხორციელდებოდა. ძნელია იმის გადმოცემა, თუ რაოდენ საზიზღარი მეთოდებით ცდილობდა ეს ადამიანი ჩემს დისკრედიტაციას, თან ბლოკავდა ჩემს კომპიუტერს მის მაილჯგუფში შესვლის თავიდან ასაცილებლად, რათა ადექვატური პასუხი არ გამეცა.

უნდა ვაღიარო, რომ ამ ადამიანთან ძალიან ახლო ურთიერთობები მაკავშირებდა. ვაფასებდი მის მონდომებას და ლაზური საქმის კეთების სულისკვეთებას. სტამბულში ყოფნისას მას უამრავი მასალა მივაწოდე საიტზე განსათავსებლად, რასაც დღეს გულწრფელად ვნანობ. ჩვენი ურთიერთობის რღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბატონმა თემელმა ინტერნეტით გამომიგზავნა წერილი, რითაც მაუწყა, რომ მე რატომღაც ”ცუდი კაცი” ვიყავი და ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა. მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, მისგან ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვერ მოვისმინე. ამის შემდეგ კი ამ ადამიანს სავარაუდოდ ნერვული შეტევები დაეწყო და ჩვენს საერთო მეგობარს, ლაშა გეთიას განუცხადა, რომ გივი გ. ქარჩავა და ის ერთი და იგივე პრიოვნება გახლდათ, უფრო სწორედ თვით ”ლაშა გეთია” გახლდათ გივი გ. ქარჩავას ერთ-ერთი ფსევდონიმი, სწორედ ამიტომაც არ სურდა მასთან მეგობრობის გაგრძელება და ამ ადამიანთანაც გაწყვიტა ურთერთობა. უნდა მოგახსენოთ, რომ ლაშა გეთია მე ბ-ნი თემელის მეშვეობით გავიცანი, სტამბულში, მის ოფისში ყოფნისას ლაშა MSN-ში გახლდათ შემოსული და სწორედ ბ-ნმა თემელმა ითავა ჩვენი დაკავშირება და გაცნობა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მანიაკალური წარმოდგენა, თითქოს ლაშა გეთია და გივი გ. ქარჩავა ერთი და იგივე პიროვნება იყვნენ, მის ქცევებსვე ეწინააღმდეგება და არ ჯდება ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის აზროვნებისა და მოქმედების ჩარჩოებში.

ამ ყველაფერს მოჰყვა www.kolkhoba.org-ით საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული სტატიების ბეჭდვა. აღნიშნულ ნაწერებში აშკარა მხარდაჭერა იყო გამოხატული აფხაზური და ოსური სეპარატიზმისთვის და შეიცავდა საქართველოს სახელმწიფოსთვის საშიშ მესიჯებსა და დაუფარავ აგრესიას. ამას რათქმაუნდა მოჰყვა კრიტიკა ჩვენის მხრიდან, რაც თემელისთვის რამდენიმე ვრცელი წერილის გაგზავნაში გამოიხატა. თუმცა, როგორც ჩანს ბ-ნ თემელს ეს ყველაფერი აღიზიანებდა და ის მეტად შესაშური მონდომებით შეუდგა აღნიშნული ტიპის სტატიების გამოქვეყნებას. ამას თან ერთვოდა თემელის მიერ რამდენიმე ადამიანთან პირადი საუბრისას ქართველი ერის უშვერი ლანძღვა, თვით ქუჩისთვისაც კი მიუღებელი ბილწი ტერმინებით. ეს მაშინ, როცა ბ-ნი თემელის მეუღლე ეროვნებით ქართველია, შესაბამისად მისი შვილების ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, შვილებს აგინებს, არა მგონია ფსიქიკურად დალაგებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ესეც რომ არ იყოს და ბ-ნ თემელს არანაირი შეხება რომ არ ჰქონდეს ქართველებთან, მაინც ხალხის, ერის, კულტურის თავდაუზოგავი ლანძღვა არაფერია თუ არა პირწავარდნილი ნაციზმი და უწიგნურობა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სიტუაცია დაიძაბა მაშინ, როცა ერქან თემელმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით ”Megreller ve Megrelya Sorunu”(მეგრელები და სამეგრელოს საკითხი), ხოლო ქვეშ ჩემი სახელი და გვარი მიუწერა. სტატიაში გაჟღერებული იყო უამრავი მცდარი, მიკერძოებული ცნობა და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ხელს მე ”ვაწერდი”. სტატია დაკოპირებულ იქნა ვინმე ტრაპიზონელი ემრე ათას, იგივე ემრე თუთასთე პერსონალური საიტიდან, შემდეგ გადაითარგმნა ლაზურად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა კოლხობაზე. წარმოიდგინეთ არც ბატონ თემელს დაუმალავს, რომ სტატია ამ საიტიდან(http://tutastemre.azbuz.com/readArticle.jsp?objectID=5000000000672232) დააკოპირა, უარესი, მან ჩათვალა, რომ ემრე ათაც მე ვიყავი და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სერიოზულ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას საჭიროებს. ჯერ ერთი, ვწუხვარ, რადგან ჯერჯერობით ვერ ვფლობ იმ დონის თურქულს, რომ მსგავსი სტატიები ვწერო, მეორეც, მართლა მე რომ დამეწერა აღნიშნული წერილი, ბ-ნ თემელს დაუკითხავად ჰქონდა მისი გამოქვეყნების უფლება? საავტორო უფლებებზე ხომ არავინ მეტყვის რამეს? რომ არაფერი ვთქვათ პიროვნების, ამ შემთხვევაში ჩემი უფლებების უხეშ დარღვევაზე, რომლის აღდგენაც ჩემთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული უწყოდა ბ-ნმა თემელმა, რის გამოც მან უშიშრად გადადგა ეს ნაბიჯი. თუმცა მან ვერ გათვალა ის, რომ არსებობს სხვა გზებიც, რითაც მას შეიძლება ამ ყველაფრის ზღვევამ მოუწიოს – ეს გზა გახლავთ სიმართლის წერის, ამ ადამიანის ნამდვილი სახის გამომზეურების გზა, რაც თავისთავად უზრუნველჰყოფს საზოგადოების ადეკვატურ რეაქციასა და დამოკიდებულებას ბ-ნი თემელის მიმართ. ჩემი წერილიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მოვლენების ქრონოლოგიას თუ გავყვებით, ამ პროვოკაციული ნაბიჯის შემდეგ ბ-ნმა თემელმა წამოიწყო ”ნერვებზე თამაში”, რაც ჩემთვის გამომწვევი წერილების გამოგზავნაში გამოიხატებოდა. მე კი ამ ყველაფერზე პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა, რადგან ჩემი ელექტრონული მისამართებიდან კოლხობას მაილჯგუფში წერილის გაგზავნის პროცედურა ადმინისტრატორის მიერ დაბლოკილ იქნა(ესეც კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმისა რომ ერქან თემელი სრულიად შეგნებულად აწარმოებდა ბინძურ კამპანიას და ჩემი დაბლოკვით ცდილობდა მკითხველთათვის იმის დამტკიცებას, რომ ქარჩავა დამნაშავეა და დუმს, და დუმს იმიტომ, რომ თავის გასამართლებელი არაფერი აქვს). სწორედ ამ დროს სპონტანურად შევქმენი ახალი ელექტრონული მისამართი lazepesicuma@gmail.com და მისი მეშვეობით ვცადე წერილის გაგზავნა, თუმცა ამაოდ – ამ უკანასკნელსაც იგივე ბედი ეწია. მაგრამ რაც მთავარია, ბ-ნმა თემელმა ეტყობა წაიკითხა ეს წერილი, ნახა მასში აღწერილი ფაქტების სიზუსტე და დარწმუნდა რა იქ მოყვანილი გარემოებების დამაჯერებლობაში, გადაწყვიტა დაესწრო და უკვე ახალი პროვოკაციული გეგმის განხორციელებით კიდევ ერთხელ მიაყენა ჩემს პიროვნებას ჩრდილი.

ბ-ნმა თემელმა 2008 წლის 28 ივლისს თურქულად და 4 აგვისტოს ინგლისურად დააგზავნა კოლხობას მაილჯგუფში განცხადება 1. Önemli Bir Açıklama და 2. Givi G. Karchava: Agent Provocateur! წერილში იგი კოლხობას ჯგუფის ასობით მონაწილეს უხსნიდა, რომ გივი გ. ქარჩავად წოდებული პიროვნება ინტერნეტში იყენებს შემდეგ ფსევდონიმებს: Emre Ata, EmreTutasTe, Lyoizişi, Freedom for LAZİSTAN და ა.შ. იგი იქვე ამბობს, რომ www.lazuri.com-ის ფორუმზე ‘’denizuğa’’, ‘’lyoizişi’’, და ‘’kapistonari’’, ხოლო www.lazebura.net-ის ფორუმზე ‘’margali’’ და ”samargalo ნიკებით შემომავალი პიროვნება გახლავთ გივი გ. ქარჩავა. მან იქვე გამოაქვეყნა რამდენიმე ელ-ფოსტა(მ.შ. ჩემი მეგობრების) და დასძინა, რომ ყველა ელ-ფოსტის პატრონი გივი გ. ქარჩავა გახლავთ. უფრო მეტიც, www.youtube.com-ში დარეგისტრირებული ადამიანების, ვინმე ‘’geusl’’, ‘’LazCuma53’’, ‘’LazarosAtina’’, ‘’Artvin08Lazuri’’, ‘’KolxisLaz’’, ‘’Lyozisi’’ არსებობაც მე მომაწერა. ბ-ნი თემელი ამაზეც არ გაჩერდა და წერილს პროვოკაციულად დაურთო ჩემი პერსონალური გვერდიდან ამოღებული პირადი ფოტოები. ამ ყველაფრის შემდეგ კი ელ ფოსტაზე გამომიგზავნა ასევე შეურაცხმყოფელი წერილი, სადაც მაუწყა, რომ მე საბოლოოდ გამანადგურა.

მისდა სამწუხაროდ, მინდა ბ-ნ თემელს ვუთხრა, რომ ყველაფერი ახლა იწყება. მე მივმართავ www.lazuri.com-ის, www.lazebura.net-ისა და www.youtube.com-ის ადმინისტრატორებს, ვთხოვ გამოიჩინონ გულისხმიერება და აგვიხსნან შემოდიოდნენ თუ არა ზემოთღნიშნული მომხმარებლები ერთი და იგივე IP მისამართიდან და ვინ რომელი ქვეყნიდან შემოდიოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ www.lazebura.net-ზე ”margali-ს, www.lazuri.com-ზე ”kapistonari-ს და www.youtube.com-ზე ”zugdiduri-ს სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი მე ვარ და აქვე პასუხისმგებლობას ვიღებ მათ მიერ დაწერილ და გამოქვეყნებული თემების სიზუსტეზე და ობიექტურობაზე. დანარჩენზე კი პასუხს ვერ ვაგებ და მოვუწოდებ მათ პატრონებს ასევე საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ უმსგავსობის მიმართ. მოვუწოდებ აგრეთვე ტრაპიზონელ ემრე ათას, გამოძვრეს საფარველიდან, დატოვოს სირაქლემას პოზა და დამაჯერებელი მეთოდებით დაარწმუნოს ბ-ნი თემელი და მისი გარემოცვა, რომ იგი გივი გ. ქარჩავა არ გახლავთ.

ეს არის ბ-ნ თემელის მიერ გათამაშებული კამპანიის სრული სახე, რომელიც სამწუხაროდ ჩაიფუშა. იგი ახლა მარტოა დარჩენილი, ყველამ ვინც კი მას იცნობდა ზურგი აქცია მისივე მოუხეშავი და უტაქტო გამოხდომების გამო, შესაბამისად ის ახლა ხავსს ებღაუჭება და რეპუტაციის რეინკარნაციას ცდილობს. საწინააღმდეგო რათქმაუნდა არაფერი მაქვს – დაე აღიდგინოს ბ-ნმა თემელმა შელახული რეპუტაცია, ოღონდ არა ჩემი ჩაძირვის ხარჯზე. თუმცა, მეეჭვება ამ ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა ეს მოახერხოს. ალბათ იკითხავთ, თუ რატომაა იგი ფსიქიურად არაჯანმრთელი. გიპასუხებთ: ლაზი კაცი, რომელიც მთელი სერიოზულობით აცხადებს, რომ ვერ იტანს ათინელებისა და არტაშენელების მეტყველებას, და აუცილებლად მიიჩნევს რომ ლაზურის ეს ორი დიალექტი მოისპოს, რათქმაუნდა ვერ იქნება გონებრივად ჯანსაღი. სწორედ ასეთი ბოროტი აზრები აწუხებს ადამიანს, რომელიც დღედაღამ გაჰყვირის, რომ სწორედ ისაა ლაზური ენის და კულტურის უპირველესი ქომაგი და მოამაგე.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა რუსეთ-სააქართველოს ომის დროს ბ-ნ თემელის მიერ გაწეულ პროპაგანდაზე. მთელი ერთი კვირის განმავლობაში, როცა საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბებოდა, ბ-ნი თემელი სხვადასხვა წყაროებიდან ამოკრეფილი პროპაგანდისტული, მიკერძოებული, საქართველოს სახელმწიფოს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შინაარსის სტატიების ლინკებს ავრცელებდა საკუთარ მაილჯგუფში. მესმის, რომ ერქან თემელს პათოლოგიურად სძულს ქართველი ხალხი და საქართველო, თუმცა მან უნდა უწყოდეს, რომ რუსების მიერ სამეგრელოს ქალაქების და სოფლების(ფოთი, ზუგდიდი, ანაკლია, სენაკი, ხეთა,) დაბომბვის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ნაცვლად იმისა, რომ მას სოლიდარობა გამოეცხადებინა მის მიერ ძმად წოდებული ხალხისათვის, თემელმა დათვური სამსახური გაუწია ისედაც გაუბედურებულ ხალხს. თუმცაღა, მადლობა ღმერთს, რომ მეგრელები ამას ხედავენ და ამ ბოლო დღეებში საქართველოში საკმაოდ პოპულარული საიტის, www.kolkhoba.org-ის რეიტინგი ნულამდე დაეცა, და ეს უსიამოვნო შემთხვევა სწორედაც რომ ბ-ნი თემელის დამსახურებაა.

წერილის ბოლოს, როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში დაბადებული ადამიანი, ვაცხადებ, რომ ერქან თემელის მიერ ჩემს წინააღმდეგ ჩატარებული ბინძური კამპანია ძალიან ჰგავს კგბ-ს მეთოდებს. მე არ გავკადნიერდები და არ ვიტყვი, რომ თემელი კგბ-ს აგენტია, რამეთუ ასეთ ორანიზაციებში სათანამშრომლოდ გამჭრიახ, გონებაგახსნილ ადამიანებს ეძებენ, თუმცა გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ყველაფერი არ გახლავთ მხოლოდ ბ-ნი თემელის პირადი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ის გარკვეული იდეოლოგიური მანქანის სამსახურში დგას.

ყველას მინდა მოვუბოდიშო ნამდვილად უსიამოვნო შინაარსის წერილისათვის, მაგრამ ეს განცხადება რომ არ გამეკეთებინა და ხმა არ ამომეღო, ალბათ დავამტკიცებდი იმას, რომ თემელის მიერ გამოთქმული ვარაუდები სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ბოლომდე გახსნილი წარვდექი თქვენს წინაშე და ამ გახსნილობის მეტი ეფექტურობისთვის უახლოესი დღეების მანძილზე მოველი www.lazebura.net-ისა და www.lazuri.com-ის მესვეურთაგან განცხადებას ზემოთაღნიშნული მომხმარებლების იდენტურობის გარკვევასთან დაკაშირებით.

ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმას, რომ თემელის მიერ წარმოებული კამპანია ლაზეთზე და ლაზებზე წარმოდგენას ოდნავადაც კი შემიცვლის. ეს არ მოხდება. არ შეიძლება ხელზე ან ფეხზე გაჩენილმა პატარა მუწუკმა საკუთარი სხეული შეგაზიზღოს. პირიქით, დღეიდან მე გაასკეცებული ენთუზიაზმით გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც მშობლიური ენისა და კულტურის სამსახურში დგომა ეწოდება.

სიყვარულით

გივი გ. ქარჩავა

e1839ae18390e18396e18394e18391e183a3e183a0e18390

http://www.lazebura.net/content/view/1254/1836/