სადაური იყო ილია ჭავჭავაძე?

სადაური იყო ილია ჭავჭავაძე?

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი „ჩვენი ექსპრესი“–ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ერთ ძალიან „უწყინარ“ თემაზე*. კერძოდ თემა აგებული იყო თბილისში რამდენიმე ადგილას გამოკრული ბილბორდისადმი თინეიჯერების დამოკიდებულებაზე. ბილბორდიდან 13–14 წლის ბიჭუნა იმზირებოდა ცოცხალი თვალებით, მის ქვეშ კი ვკითხულობდით წარწერას: „მე თბილისელი ბიჭი ვარ“. სიუჟეტში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ავტორებმა განიზრახეს ამ ბილბორდის თაობაზე თინეიჯერებში გამოკითხვა ჩაეტარებინათ და თბილისის რეალობისთვის „ადექვატური“, თუმცა ყურისთვის და თვალისთვის მაინც არასასიამოვნო მომსასმენი და სანახავი პასუხები მიიღეს.

თურმე ნუ იტყვით და ბილბორდზე გამოსახული ბიჭუნა ვერ იქნება თბილისელი, რადგან მას წითელი ლოყები აქვს და „რას ჰგავს“. თურმე, თბილისელი ბიჭი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს. სიუჟეტის კულმინაციური მომენტი კი ერთ–ერთი გამოკითხულის პასუხში ვითარდება: „აუ, არ მევასება ტო, რატომ უნდა ეკიდოს ამ როჟის სურათი ჩემი სახლის წინ?“

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გარჩევის საგანი იყო რამდენიმე დღის მანძილზე ეს სიუჟეტი. ხან ვაქტიურობდი, ხანაც თვალს ვადევნებდი სხვებს. სასიხარულო არაფერი შემიმჩნევია. ერთ კვირადღესაც, როცა სეირნობა მომინდა და რუსთაველზე გავედი მარტო, რამდენიმე ადგილას შეკრებილი თინეიჯერები დავინახე. ძალაუნებურად ისევ სიუჟეტზე დავფიქრდი და ერთი „კარგი“ იდეა მომივიდა თავში: გადავწყვიტე ახლა მე გამომეკითხა ისინი. ოღონდაც გამოკითხვის თემა სულაც არ გახლდათ ბილბორდი, წითელი ლოყები ან ჭორფლიანი ყვრიმალები. ძალიან დამაინტერესა თუ რა პასუხს გამცემდნენ კითხვაზე „სადაური იყო ილია ჭავჭავაძე?“ და ნაფიქრის განხორციელებასაც შევუდექი. რადგან ხელთ არც ვიდეოკამერა მქონდა და არც დიქტოფონი, ზურგჩანთიდან რვეული და კალამი ამოვიღე და რესპოდენტებს თავი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლად გავაცანი და გამოკითხვაც დავიწყე. ზუსტად 15 ახალგაზრდა გამოვკითხე, 14–18 წლისები და მეტის სურვილი არც გამჩენია. ქვევით უცვლელად მომყავს 6 ახალგაზრდის ყველაზე „საინტერესო“ პასუხები ჩემს კითხვაზე:

სადაური იქნებოდა ტო, იასნია თბილისელი იყო.

აუ ბოდიში, მაგრამ სულელურ გამოკითხვას ატარებთ. როგორ შეიძლება ეგ კითხვა დაუსვათ ადამიანებს? მითუმეტეს თბილისში? აქ ხომ ყველამ იცის რომ ილია ვერაზე ცხოვრობდა.

ილიაც და აკაკიც თბილისელები იყვნენ, სხვანაირად მათი ძეგლი არ დაიდგმებოდა რუსთაველზე.

რათქმაუნდა თბილისელი იყო! აბა მაგალითად, ის რომ ყოფილიყო… (ფიქრობს), იქაური რა… ხაშურელი! ერის მამა ხომ ვერ გახდებოდა?

არ ვიცი, თუმცა ლოგიკას თუ მივყვებით თბილისელი უნდა იყოს. ვიცი, რომ პირველ სკოლაში სწავლობდა, ამიტომაც გამორიცხულია თბილისელი არ ყოფილიყო.

აუ, რატომ გვაბანძებთ? თბილისელი იყო ცხადია!

რათქმაუნდა ერთ ადგილას შეკრებილებისთვის არ მიკითხავს იმის შიშით, რომ ერთგვაროვან ინტელექტუალურ „ტალღას“ არ შევჯახებოდი, ამიტომაც მთელი რუსთაველი გავიარე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლიდან მეცნიერებათა აკადემიამდე და ბრმად შევარჩიე 15 რესპოდენტი. ადრე თუ სიუჟეტში ნანახით ვიყავი შეძრული, ახლა ჩემი გამოკითხვის შედეგებმა დამწყვიტა გული. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ როდესაც რესპოდენტს პასუხის შემდეგ ყვარელს ვუხსენებდი, პოზიციებს არ თმობდნენ და ღიმილით მომიგებდნენ, ეტყობა ეს რაღაც მაიმუნობაა და ჩვენი გაბანძება გინდათ, თორემ ილია რომ სოფლელი იყო ამის სერიოზულად მტკიცება როგორ შეიძლებაო. ასე მომიგო 14–მა რესპოდენტმა, ერთმა კი იმთავითვე უპასუხა, რომ ილია არ იყო თბილისელი, მაგრამ ის ნამდვილად არ იცოდა თუ სადაური გახლდათ იგი.

რათქმაუნდა, პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, რომ ილიას დაბადების ადგილისა და თარიღის ცოდნა აუცილებელი დოგმაა და ქართველობის მთავარი ინდიკატორი. ეს წერილი არ ეხება სკოლებში განათლების პრობლემებს, – ეს ცალკე თემაა და შეიძლება უფრო მტკივნეულიც. მაგრამ ყველაფერს რომ შევეშვათ, სამოქალაქო საზოგადოების შენებას ვაპირებთ და ცალკე რასად ქცეული თბილისი რომ ყველაზე დიდი ურბანული დაბრკოლებაა ამ გზაზე თუ ვამჩნევთ?

დედაქალაქელობის ან დიდქალაქელობის სინდრომი არაა მხოლოდ ქართული პრობლემა. ამას ყველგან გადააწყდებით. პარიზი, მოსკოვი, ნიუ–იორკი, რიო–დე–ჟანეირო, რომი, პრაღა, ტოკიო, ამსტერდამი და სხვა მრავალიც ამ სინდრომით დაავადებულ ქალაქთა რიგში გადიან. მაგრამ მათი საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება, რადგან თუ იქ აღნიშნული სინდრომი გარკვეულ სოციალურ ფენებშია გავრცელებული, აქ სოციალური ფენების მიხედვით დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან თბილისურ სინამვდილეში სინდრომი ასოციალურ ხასიათს ატარებს გავრცელების კუთხით. თანაც, თუ ევროპაში მრავალი ინსტიტუტი მუშაობს ამ სინდრომისგან საზოგადოების განკურნებაზე, აქ პირიქით, ლამის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება თბილისელობისთვის ხაზგასმას. აბა კარგად გავიხსენოთ, რამდენჯერ გაგვიგონია ტელეეკრანებიდან მოწოდება ან სურვილი: „ყველა ქართველს და თბილისელს“? მარტო პოლიტიკოსები რომ მიმართავდნენ ამ ხერხს, ჯანდაბას, ჩავთლიდით „ჭკვიანურ“ სვლად, რადგან ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა თბილისშია კონცენტრირებული. მაგრამ, ყველა სფეროს წარმომადგენელი რომ ანალოგიურად იქცევა? ნუთუ არ ესმით ამ ხალხს, რომ ამ ფრიად „საკრალური“ მნიშვნელობის ფრაზაში „ყველა ჭეშმარიტი ქართველი“ მართლაც ყველა ჭეშმარიტი ქართველი მოიაზრება და „ყველა ჭეშმარიტი თბილისელის“ დამატება ამახინჯებს აზრს?

თინეიჯერებს ვერაფერს მოსთხოვ, რაც მიეწოდებათ, იმით იკვებებიან. ეს არაა დღევანდელი თაობის პრობლემა. სინდრომის გაჩენის თარიღი ცოტა ძნელია დაასახელო, მაგრამ მისი გაძლიერება მე–19–ე საუკუნიდან იწყება, როცა სოფლიდან თბილისში მოსახლეობა ჩამოდის საშოვარზე და იქმნება გეტოსმაგვარი უბნები, ისეთი როგორც თავის დროზე იყო ნაძალადევი. სოფლიდან ქალაქში მიგრირებულ ხალხს თბილისში დახვდა იაფი მუშახელის გამოჩენით გაღიზიანებული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ყველა ხერხს მიმართავდა კონკურენტების საწინააღმდეგოდ, მათ შორის იყო ფსიქოლოგიური წნეხიც, რომელიც ადგილმდებარეობითი კუთვნილების ხაზგასმაში გამოიხატებოდა. ეს „უნებლიე“ კამპანია იმდენად მწვავე ხასიათს ატარებდა, რომ „დამხვდურებმა“ შეძლეს გავლენის მოხდენა „მომხვდურებზე“, რამაც საერთოდ ბანალური შედეგი მოგვცა – ჩამოსულები ყველანაირად ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ან გამხდარიყვნენ „თბილისელები“ და რაც ყველაზე უარესია, მათზე გვიან ჩამოსულებს თვითონ უწევდნენ უკვე დისკრიმინაციას. აღნიშნული ტენდენცია გრძელდებოდა მანამ, სანამ შიდამიგრაციის დონემ არ იკლო. XX საუკუნის 50–იანი წლებიდან კი „თბილისელობა“ ერთგვარ მახინჯ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და მყარად გაიდგა ფესვები. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ XX საუკუნის 90–იან წლებში საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის მიზეზებშიც მკვეთრად იგრძნობოდა ცენტრისა და რეგიონის ქიშპობის სუნი. მახსოვს, ერთი ადამიანი ამგვარად ცდილობდა ირიბად გაემართლებინა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა: „ჩამოყარეს ხალხი სოფლებიდან, თბილისელებს დაეკარგათ სამუშაო ადგილები. წარმოგიდგენია, ვერაზე ბირჟაობას გვიშლიდა ვიღაც ჩოხატაურიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც უბნის ინსპექტორად მუშაობდა ჩვენთან. როგორ უნდა აგვეტანა ეს?“

ძალიან დიდი ხანია ამ სინდრომზე დაკვირვებას ვაწარმოებ, თუმცა შედეგებზე მე ან თუნდაც ჩემნაირად მოაზროვნე უმცირესობა გავლენას ვერ ვახდენთ, რადგან საზოგადოებაში ეს პრობლემად არ აღიქმება. რამდენიმე დღის წინ გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტი გაკვრით შეეხო ამ პრობლემას, ე.წ. რბილ და მყარ „ლ“–ებზე გროტესკულ ფორმებში აქცენტირებით და რათქმაუნდა ყურადღების მიღმა არ დამრჩენია, პირიქით მესიამოვნა კიდეც, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ჯერჯერობით სუსტი, მაგრამ სავსებით სწორი მესიჯები გაუგზავნა საზოგადოებას. თუმცა, მაშინვე გამახსენდა 2005 წლის 10 მაისი, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ამერიკის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს აბანოთუბანში კინტაურის ცეკვით დახვდნენ. რათქმაუნდა ძალიან ლამაზი ცეკვაა კინტაური, მაგრამ ქვეყნის კულტურულ სავიზიტო ბარათად არ გამოდგება. საფრანგეთშიც დგამენ ქორეოგრაფები მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსული ალჟირელი ვაჭრების ცეკვებს, თუმცა ფრანგული კულტურის ნომერ პირველ ნიმუშად და სავიზიტო ბარათად არავინ წარმოადგენს მას. კინტაურისთვის ბრძოლის გამოცხადება და აღმოფხვრა რათქმაუნდა მეორე უკიდურესობა იქნება, მაგრამ არამგონია ვინმეს სიამოვნებდეს ქალაქელ ვაჭრებში გავრცელებული ცეkვა, ქართული ისტორიულ–კულტურული რეალობისთვის მეტად არასახასიათო და შედარებით მდარე. ამ მხრივ საინტერესო იყო შარშან აგვისტოში, აჭარაში მომხდარი ერთი ფაქტი. თურქეთ–სქართველოს საზღვარზე, სოფელ სარფში ყოველწლიურად იმართება ფესტივალი „კოლხობა“, რომელზე დასასწრებადაც ადგილობრივებთან ერთად თურქეთიდან სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გადმოსული ლაზები იკრიბებიან. როგორც წესი, ფესტივალზე ნაჩვენებია ხალხური ცეკვები და სიმღერები, თურქეთიდან ჩამოსულები ასრულებენ იქ შემორჩენილ ვარიანტებს ხალხური ცეკვა–სიმღერისა. შარშან კი ფესტივალი კინტაურით გაიხსნა, რამაც სტუმრებში გაკვირვება გამოიწვია და დიდი ხანი ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი კითხვაზე, თუ სადაური ცეკვა იყო კინტაური. რათქმაუნდა ტრაგედია ამაშიც არ არის, მაგრამ როცა კულტურულ დიალოგზეა საუბარი იმ საზოგადოებასთან, რომელიც შენს პოტენციურ მხარდამჭერად ითვლება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში, უნდა იცოდე ამ დიალოგის წარმართვა ან თუ არ იცი, მას უნდა ანდო ვისაც ძალუძს ამის გაკეთება.

აქ მინდა ჩემი წერილი დავასრულო. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოში საზოგადოებრივი ინსტიტუტები მოძლიერდებიან და უფრო ენერგიულად ეცდებიან იმ მანკიერი თვისებების აღმოფხვრას, რომლის ნაკლებობას ჩვენი სოციუმი ნამდვილად არ განიცდის.

 

* სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ მისამართზე

http://www.youtube.com/watch?v=OyjDh56riDA

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • Katiee.Ge  On October 19, 2010 at 9:19 am

    კატასტროფა,
    ხომ ვიცი ეს ყველაფერი და მაინც შოკირებული ვუყურებ და ვკითხულობ :( ((

    • karchava  On October 19, 2010 at 9:40 am

      ყველაზე ცუდი არც ამის ცოდნაა და არც კითხვა
      ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერავინ ვშველით ამას…

  • giorgi  On April 13, 2011 at 5:29 pm

    მის მომკვლელს მოტყდეს ძირში ხელები!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.