მეგრული ჩემი მშობლიური ენაა და თუ გნებავთ ჩამქოლეთ!

პასუხი „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ მასალაზე „ქვეყნის დაშლა შურობუმულად?“

გაზეთის გამოსვლისთანავე მისი ელექტრონული ვერსიის ბმული მეგობარმა გამომიგზავნა და მეც დიდი ყურადღებით წავიკითხე. სიმართლე გითხრათ, ახალი არაფერი ყოფილა, ისეთი რაც ადრე არ წამიკითხავს ქართულ პრესაში. უბრალოდ „კვირის პალიტრისგან“ გამიკვირდა, ცოტა არ იყოს და ამგვარი უპასუხიმგებლო მასალის გამოქვეყნება და ჩემი კომენტარიც დავწერე სტატიაზე. ვებ–გვერდზე დავდე კიდევაც, თუმცა, არ გამოქვეყნდა. როგორც კომენტირების წესებშია მითითებული, მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდი ჩემი კომენტარის გამოჩენას, მაგრამ, ნურას უკაცრავად. სხვა მკითხველების კომენტარი მაშინათვე დაიდო, ჩემი კომენტარი კი დღემდე არ გამოჩენილა სტატიის კომენტარებში. კრიტიკული კომენტარის არგამოქვეყნებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რედაქციის სუბიეექტურობაში. არადა, მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი იყო მეტწილად კრიტიკული რედაქციისა და რესპოდენტების მიმართ, მაინც სრულად ჯდებოდა ეთიკის ფარგლებში და მაინც გასაკვირი იყო მისი „დაბლოკვა“. მკითხველს აქვე გავაცნობ აღნიშნული უსტარის შინაარს:

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მასალის ავტორთან, მაგრამ სტატია ამაზრზენია. ამაზრზენია იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტირება ეძლევა თემას. წყალსაც წაუღია ევროსაბჭოს ქარტია, სულაც არ მივიღოთ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს გამზადებული რაიმე სახის სხვა ალტერნატივა? ეს არ გვაინტერესებს ეტყობა. როცა მეგრელთა მხრიდან სეპარატიზმის საშიშროებაზე საუბრობენ ჟურნალისტი და რესპოდენტები ძალად მიღებული სერიოზული სახეებით, ის აღარ ახსენდებათ, რომ ამ ენებს გადაშენების საფრთხე მართლა ემუქრება. თუმცა მამუკა არეშიძეს ან ერეკლე საღლიანს რაში ანაღვლებთ თუკი აბაშასა და ფოთში, მარტვილსა და სენაკში ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს მეგრულად? ერეკლე საღლიანზე გამახსენდა – ერთხელ ამ ადამიანს ვკითხე, სვანურად თუ წერთ ბ-ნო ერეკლე ლექსებს მეთქი, და მომიგო – არა! მაგ ცოდვაში როგორ ჩავდგამ ფეხსო. ამიტომაც, სულაც არაა მისი აზრი ავტორიტეტული ჩემთვის ამ შემთხვევაში.

გარდა ამისა, ძალიან კარგად გათვლილ პიართან გვაქვს საქმე, როცა ჟურნალისტი ისეთ არარაობასა და ავადმყოფს მიადგა მეგრული ენის ბედის გასარჩევად, როგორიც იური ღვინჯილიაა. თქვენ იცოდით წინასწარ, რომ ღვინჯილია ისეთს მოროშავდა, მერე ეს ზოგადად ქართველური ენების მოვლა-პატრონობის იდეის დისკრედიტაცისთვის კარგ იარაღად გამოგადგებოდათ. არიან ადამიანები, ვისაც ამ საკითხზე დალაგებული მსჯელობა შეუძლია, მაგრამ თქვენ ავტორიტეტებს არ გაეკარებით სპეციალურად, რადგან მაშინ სტატიამ შეიძლება ის ნაყოფი არ გამოიღოს, რაზეცაა გათვლილი.

არაერთი კამათი გადამხდენია ამის თაობაზე, და ყოველთვის გამარჯვებული გამოვსულვარ, რადგან ადამიანები, რომლებიც მეკამათებოდნენ, ზოგადი და სადღეგრძელოს ტიპის მაგვარი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ: “საქართველოდაგვენგერევა”, “ქართველობას წაგვართმევენ”. ამას ქარტიას უკავშირებენ. მე კიდევ ვიძახი უკვე წლებია, ჯანდაბას ქარტია, განვაცხადოთ მასზე უარი, ოღონდ სახელმწიფო იყოს გარანტი ამ ენების მოვლა-პატრონობისა და დაცვისა.

როდესაც ეს კომენტარი დაიბლოკა, გადავწყვიტე დიდი წერილი დამეწერა და გარკვეული მონახაზები შექმნილი მქონდა კიდევაც, რომ ჩემს თავს ტრაგედია დატრიალდა – ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ მამცნეს და იძულებული გავხდი გაურკვეველი ვადით გადამედო წერილის დაწერა. დღეს უკვე მაქვს დრო და საშუალება ისევ დავუბრუნდე ამ საკითხს და სტატიის ავტორებს, გელა კორძაძესა და ხათუნა პაიჭაძეს, რესპოდენტებსა და რედაქციას მოვახსენო ჩემი მოკრძალებული აზრი წამოჭრილი თემის გარშემო.

უმცირესობათა და რეგიონული ენების ევროპული ქარტიის შესახებ აჟიოტაჟი მასზე მიერთების ვალდებულების აღების დღიდანვეა ატეხილი. რათქმაუნდა, უაპელაციოდ არ შეიძლება ნებისმიერი სახის შემოთავაზების ან ვალდებულების მიღება, მაგრამ ქარტიის გარშემო ატეხილი ვაკქანალია უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს. გამოჩნდა ენათმეცნიერთა ჯგუფი, რომელთაც შექმნეს ახალი ლინგვისტური თეორიები, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არავითარი ქართველური ენები, არსებობს ერთი სამწიგნობრო ქართული ენა და ყველა დანარჩენი მისი დიალექტია. პარადოქსია, მაგრამ ეს ჯგუფი ასეთ წიაღსვლებს მხოლოდდამხოლოდ იმის გამო აკეთებს, რომ ენათა ქარტია არ გავრცელდეს მეგრულ–ლაზურ და სვანურ ენებზე. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ადამიანები არად აგდებენ იოსებ ყიფშიძის, ნიკო მარის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, ჟორჟ დჲუმეზილის, ჰაინც ფენრიხის, გიორგი კლიმოვის, გერჰარდ დეეტერსის, გურამ კარტოზიას, ზურაბ სარჯველაძის, იოსტ გიპერტის, ოთარ ქაჯაიას, ვინფრიდ ბოედერის, სერგი ჯიქიას და სხვათა მეცნიერულ ნაშრომებსა და თეორიებს, რომლებიც საყოველთაოდაა ენათმეცნიერულ სამყაროში გაზიარებული და ხშირად იმის თქმასაც არ ერიდებიან, რომ ეს ადამიანები იძულებულნი იყვნენ იდეოლოგიური მანქანისთვის ხარკი ეხადათ. თურმე ცხონებული აკაკი შანიძის ნაშრომები თუნდაც სვანურის ენის შესახებ საბჭოეთისთვის ხარკის ხდა ყოფილა!

ამას რომ თავი დავანებოთ, გლობალიზაციის ეპოქაში მართლაც შეინიშნება მცირე ან უმწერლობო ენების ქრობის ტენდენცია. UNESCO–ს კვლევების მიხედვით, მსოფლიოში არსებული 6000 ენიდან ორასზე მეტი საერთოდ გაქრა ბოლო სამი თაობის განმავლობაში. გარდა ამისა საფრთხის ქვეშ მყოფი ენების კალსიფიკაციაში იგივე კვლევების მიხედვით 538 ენა გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშაა, 502 სერიოზული საფრთხის ქვეშ, 632 უეჭველი საფრთხის ქვეშ და 607 აბსოლუტურად დაუცველი.[1]  ამასთანავე, ცნობილი ენათმეცნიერი ჯონ მაქვორტერი ხანგრძლივი დაკვირვებების შემდეგ აცხადებს, რომ მიმდინარე საუკუნეში დედამიწაზე არსებული ენებიდან 90% გაქრება და მხოლოდ 600 ენა დარჩება.[2] რაც მთავარია, გასულ საუკუნეში გვქონდა ენის გაქრობის რამდენიმე შემთხვევა: 1974 წელს გაქრა მანური ენა, 1976 წელს აასაქსი, 1992 წელს უბიხური და 2008 წელს ეიაკი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ქართველი „მამულიშვილები“ ამას არად დაგიდევენ და საქმის ნაცვლად სადღეგრძელოებით შემოიფარგლებიან, აქაოდა მეგრულს და სვანურს რა გააქრობს, ქარტეხილებს გაუძლოო. აი ეს არის სწორედ ქართული გულარხეინობა და საქმისადმი არასერიოზული, ზერელე მიდგომა. რაც შეეხება იგივე ფაქტების დადებას ქართველურ ენებთან მიმართებაში, ამის გაკეთება ძალიან ადვილია.

  1. სვანური ენა – ქართველურ ენათაგან ყველაზე არქაული. დღესდღეობით ამ ენაზე საუბრობს მხოლოდ 30 000 ადამიანი.  ეს რიცხვი დღითიდღე იკლებს შიდამიგრაციისა და ასევე ენის არაპოპულარულობის გამო.
  2. ლაზური ენა – აქტიური გადაშენების გზაზეა. საქართველოში ამ ენაზე მხოლოდ სოფელ სარფში საუბრობენ. თურქეთში კი ამ ენის გაქრობის საფრთხე კარგა ხანია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა – თუკი ადრე ახალგაზრდა თაობამ იცოდა ლაზური და არ საუბრობდნენ მასზე, დღეს უმეტესობამ საერთოდ არ იცის მშობლიური ენა. შიდამიგრაციის ფაქტორი აქაც დიდ როლს თამაშობს – ისტორიული ლაზეთი ფაქტიურად დაცლილია, მოსახლეობის 70% დიდ ქალაქებში ცხოვრობს და მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩამოდიან სოფლად. დიდ ქალაქებში საცხოვრებლად გადასული ლაზების მომავალ თაობაში ეთნიკურ იდენტობასთან ერთად ენაც დაკარგულია.
  3. მეგრული ენა – ზემოთჩამოთვლილი ორი ენიდან მეგრული ყველაზე კარგ მდგომარეობაშია: ამ ენაზე 500 000–ზე მეტი ადამიანის საუბრობს და დღესაც აქტიურად გამოიყენება შიდასაკონტაქტო ენად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეგრულს გაქრობის საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, დაკვირვებები ცხადყოფს, რომ საგანგაშო ტენდენციასთან გვაქვს საქმე – მეგრული დღითიდღე არაპოპულარული, ხშირად სამარცხვინო ენა ხდება განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ აბაშაში აღარ საუბრობენ მეგრულად (თუკი ცალკეულ სოფლებს არ ჩავთვლით), ახალგაზრდების ძალიან დიდმა ნაწილმა კი საერთოდ არ იცის ენა. იგივე შეიძლება ითქვას ფოთზეც. სენაკში, ქუჩაში გაჩერებული 9 ადამიანიდან მეგრულად დასმულ კითხვაზე, მხოლოდ ერთმა გასცა მეგრულად პასუხი – ისიც მენტალურად დაავადებული და სასკოლო განათლების არმქონე ადამიანი იყო. დანარჩენი რვა სენაკელიდან ხუთის ასაკი20–დან 25–წლამდე მერყეობდა, სამისა კი 50–დან 70–მდე. იგივე მდგომარეობაა მარტვილის რაიონში, განსაკუთრებით მდინარე ინჩხურის მარცხნივ მდებარე სოფლებში.  ამდაგვარი ტენდენცია შეინიშნება განსაკუთრებით ქალაქებში – ახალგაზრდობა აღარ ეკონტაქტება ერთმანეთს მეგრულად, რადგან ეს არაპოპულარულ და მდაბიურ ქცევად ითვლება. პირადი მაგალითიდან შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მე სკოლის მოსწავლე გახლდით, სკოლაში ბავშვები ერთმანეთს მეგრულად ვეკონტაქტებოდით. დღეს კი, იგივე სკოლაში სულ სხვა სურათია – მეგრულად საუბარი ცუდ ტონად, „გოიმობად“ ითვლება, განსაკუთრებით გოგონებში. სამწუხაროდ 10 წელიწადში ასე რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა – რა განაპირობებს ამას? თუკი სადღეგრძელოს მოყვარულ ე.წ. გრუზინებს მოვუსმენთ, თურმე ჩვენივე ბრალია ენა თუ ქრება. თქვენ თვითონ თუ არ საუბრობთ ერთმანეთში მეგრულად და სვანურად, სახელმწიფოსგან რაღა გინდათო? ერთი შეხედვით ვერაფერს ეტყვი, ჩვენ თვითონ საძრახისად მივიჩნევთ მეგრულად და სვანურად საუბარს და სხვას რატომ უნდა ვერჩოდეთ. მაგრამ, ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული – რატომ ხდება ასე? რატომ ივიწყებს ახალგაზრდობა მეგრულს? მიზეზი რაა? ძალიან მარტივია ამის ახსნა: 1. ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, ლიტერატურის ენა, მაუწყებლობის ენა, პოპულარული ენაა და ავტომატურად ანაცვლებს უმწერლობო ენებს; 2. ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ქართველურ ენაზე მოლაპარაკეთა მიმართ. მე თუ მკითხავთ მეორე მიზეზი მთავარ როლს თამაშობს, რადგან დედაქალაქის „საზოგადოებაში“ ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა მყარი ‘ლ’ და დროში და ბგერებში გაწელილი საუბარი. ეს ხუმრობით რათქმაუნდა, სინამდვილეში კი უფრო სერიოზულადაა საქმე. ამასთანავე, ეს პრობლემა მხოლოდ ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი არაა, პირიქით, უამრავ ქვეყანას „უჭირს“ ამ მხრივ, მაგრამ იქ მთელი რიგი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მედია მუშაობს მის აღმოსაფხვრელად, ჩვენთან კი ამდაგვარი საზოგადოებრივი ინსტიტუტები უბრალოდ არ არსებობს, მედია კი ხშირად სნობიზმის სამსახურშია ჩამდგარი.

ეს რაც შეეხებოდა ენის გაქრობა–გადაშენების პრობლემას. ახლა გადავინაცვლოთ სტატიის განხილვაზე. შესავალშივე ავტორები წერენ, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ხელი მოაწეროს ევროპულ ქარტიას რეგიონულ და უმცირესობათა ენების შესახებ, თურმე დამღუპველი ყოფილა. ვსვამ კითხვას – შეგიძლიათ დაასაბუთოთ რატომაა ქარტიასთან მიერთება ქვეყნისთვის დამღუპველი და რატომაა ნებისმიერი ენის გაქრობა ნაკლები ტრაგედია?

მომყავს მეორე ციტატა სტატიიდან: „ერთი სიტყვით, ქარტია გვავალებს, ქართულ ენასთან ერთად სხვა სახელმწიფო ენებიც გვქონდეს“. ცდებით ბატონებო. ქარტია ამას ნამდვილად არ გვავალდებულებს. თქვენ ეტყობა სიღრმისეულად გაეცანით დოკუმენტს და მოხარული ვიქნები თუ მოიყვანთ იმ პუნქტს, სადაც ამგვარ ვალდებულებაზეა საუბარი. მაგრამ მგონია, რომ აქ საქმე გვაქვვს სახელმწიფო ენის ცნების არასწორ ცოდნასთან ან არასწორ გაგებასთან. სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია კონსტიტუციით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამიჯნული უნდა იყოს კონკრეტულ რეგიონში ასევე კანონმდებლობით აღირებული სახელმწიფო ან გათანაბრებული სტატუსის მქონე ენასთან. გარდა ამისა, ქარტია არ მოგვიწოდებს სამეგრელოსა და სვანეთში სახელმწიფო ენებად გამოვაცხადოთ მეგრული და სვანური, უბრალოდ მათ დაცვაზე და შენარჩუნებაზე ვალდებულების აღებას გვირჩევს. ფორმების შერჩევა კი ჩვენ თვითონ შეგვიძლია.

ასევე კარგად გათვლილი ნაბიჯი მგონია ისეთ მარგინალურ პიროვნებასთან აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუს ჩაწერა, როგორიც იური ღვინჯილიია. ეს ადამიანი ისეთ სისულეელებს ქადაგებს და იმდენად გამაღიზიანებლად იქცევა, რომ კარგი იარაღია მავანთა ხელში ქართველური ენების დაცვა–შენარჩუნების იდეის დისკრედიტაციისთვის. იურა ღვინჯილიას ნათქვამებს არავინ ყურს არ უგდებს და მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. მაგრამ საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის იურის ერთი–ორი უხეში გამოხდომაც კმარა, რომ მერე ამ ადამიანის ბოღმა მთლიანობაში იდეას გადაანთხიოს. თუ „კვირის პალიტრის“ რედაქციას ნამდვილად აინტერესებს აღნიშნული საკითხი, შემიძლია ვურჩიო ისეთი ავტორიტეტები, ვინც შეძლებს კითხვებზე კვალიფიციური და რაც მთავარი ეთიკის ნორმებში მოქცეული პასუხის გაცემას. მაგრამ, მეეჭვება თქვენ ამის სურვილი გქონდეთ, მაშინ მასალას არ ექნება ის ეფექტი, რაზედაც ის გათვლილია.

იური ღვინჯილიას კომენტარებზე მე თვითონ არ გავაკეთებ კომენტარს, არ ღირს პასუხის გაცემად, მაგრამ გაოცებაში მოვყავარ თქვენს მიერ მასთან დასმულ რამდენიმე შეკითხვას. პირველი: უკაცრავად, თავს ქართველად არ მიიჩნევთ?არ მესმის, ადამიანი თუ ქართველია მას ქართველური ენების ბედი არ უნდა ანაღვლებდეს? კითხვა მეორე:„სამეგრელოს დამოუკიდებლობაც ხომ არ გნებავთ?აბსოლუტურად გათვითცნობიერებული და გამიზნული ნაბიჯი ჟურნალისტის მხრიდან, საკითხს ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, რომელთანაც ის საერთოდ კავშირში არაა. მეგრული ან სვანური ენის დაცვას მაინცადამაინც ამ კუთხეების დამოუკიდებლობა სჭირდება? ერთიან ქართულ სახელმწიფოში შეუძლებელია ამის გაკეთება? კითხვა მესამე: „საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია და ყველა მოქალაქე ვალდებულია იცოდეს ქართული.“ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მაგრამ ეწინააღმდეგება თუ არა ეს ჭეშმარიტება ადამიანის უფლებას იცოდეს მეგრული ან სვანური, ლაპარაკობდეს და ზრუნავდეს ამ ენების დაცვაზე, შენარჩუნებაზე და განვითარებაზე? კითხვა მეოთხე:ჩემი კათედრის გამგე კორნელი დანელია, რომელიც თავად მეგრელი იყო,მთელი ხუთი წელი იმას მასწავლიდა, რომ სვანური, მეგრული და ქართული ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული, ერთი ძირის მქონე ენებია.მაპატიეთ და კიდევ ერთი უაზრობა. რა შუაშია ეს საკითხთან? ვინმე დაობს, რომ მეგრულ–ლაზური, სვანური და ქართული ერთი ძირის მქონე ნათესავი ენებია?

გადავინაცვლოთ ბ–ნ სოსო სიგუაზე. პროფესორი ჯერ წერს, რომ ლაზური, მეგრული, სვანური და ქართული ისტორიულად ერთი ენა იყო და დღემდე ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. თუმცა მალევე საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში, როცა ამბობს, რომ ალექსანდრე ცაგარელმა მეგრული ეტიუდების გამოქვეყნებით „დაასაბუთა“, რომ მეგრული ენათმეცნიერული თვალსაზრისით ენაა. სიტყვა ‘დასაბუთება’ რატომაა ბრჭყალებში ვერ ვხვდები, კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ მეგრული ენაა? ან ეს მხოლოდ ცაგარელმა გააკეთა? საწყალ ადამიანს მაშინაც აუხირდნენ ამ წიგნის გამოცემის გამო, სადაც მეგრული ლექს–სიმრერები და იგავ–არაკები ეწერა და ნიჭიერ სპეციალისტს საერთოდ ააღებინეს ენათმეცნიერებაზე ხელი. იგივე გრძელდება დღესაც.

გადავინაცვლოთ ერეკლე საღლიანზე, რომლის კომენტარები უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მეტი არაფერი. საქმე იმაშია, რომ თავისი უცოდინრობით ფაქტებს ამახინჯებს ბ–ნი ერეკლე, როცა ამბობს კონსტანტინე გამსახურდიამ ხმლით დაასილაქა თადა აშორდია, რომელმაც მეგრულ ენაზე გამოსცა გაზეთიო. ტყუილია ეს ამბავი. თადა აშორდია ცოტათი უფრო ადრე მოღვაწეობდა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა კონსტანტინე გამსახურდია დაბადებული არც იყო და მის სახელს ბიბლიის თარგმნის მცდელობა და სასკოლო მეგრული საღელმძღვანელოს შედგენა უკავშირდება. ხოლო ის ადამიანი, ვისთანაც გამსახურდიას პრობლემები ჰქონდა, გახლდათ ისააკ ჟვანია, რომელიც XX საუკუნის 30–იან წლებში გამოსცემდა კომუნისტური სულისკვეთებით გაჟრენთილ პროპაგანდისტულ გაზეთებს მეგრულ ენაზე: „ყაზაყიში გაზეთი“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“, „კომუნა“. სხვათაშორის ეს ადამიანი 1937 წელს დახვრეტილ იქნა НКВД–ს მიერ. და ბოლოს, მინდა კომენტარი გავუკეთო ერეკლე საღლიანის ამ ფრაზაა: „ევროპის ქვეყნებს კი ვეტყოდი, ყველამ თავის … მამიდას მოუაროს“. კი ბატონო, შევეშვათ ერვოპელთა რეკომენდაციებს, მაგრამ თქვენ გვთავაზობთ რამეს ბ–ნო ერეკლე? გადარდებთ სვანური ენის საკითხი, რომელზეც დღეს მხოლოდ 30 000 ადამიანი საუბრობს და ეს რიცხვი დღითიდღე მცირდება? მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ გადარდებთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, დაახლოებით 2 წლის წინ თქვენი პასუხი ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, სვანურად თუ წერთ ლექსებსო. მაშინ თქვენ მრავალმნიშვნელოვნად მოგვიგეთ: მაგას როგორ ვიკადრებ, მაგ ცოდვაში როგორ ჩავდგამ ფეხსო!

არ შემიძლია წერილი ისე დავასრულო, რომ მამუკა არეშიძის ნათქვამს არ გავუკეთო კომენტარი. ის ამბობს, რომ ქარტია საფრანგეთმა და გერმანიამ არ მიიღეს. რატომ იმ ქვეყნებზე არაფერს ამბობთ ბ–ნო მამუკა, რომლებმაც მიიღეს? ან იქნებ უთხრათ მკითხველს, ქარტიის მიუხედავად უმცირესობათა და რეგიონული ენები როგორაა დაცული და რა უფლებებითაა აღჭურვილი გერმანიასა და საფრანგეთში?

წერილის ბოლოს მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ასეთ ფაქიზ საკითხებზე ამდაგვარი უპასიხსმგებლო მიდგომით შეიძლება ყველაფერი გავაფუჭოთ. ჩვენია ეს სახელმწიფო, და ჩვენია მეგრულიც, ლაზურიც, სვანურიც და ქართულიც. ამიტომაც, მშვიდად და დაწყნარებულად უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი. პირველივე ჯერზე სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება, მშობლიური ენის ლანძღვა და დიალექტად მოხსენიება ნამდვილად არ იქნება დადებითი შედეგების მომტანი, რდაგან ეს სამეგრელოს მოსახლეობის სრულიად სამართლიან განაწყენებას იწვევს. უნდა შევეცადოთ, რომ ფაქიზად მივუდგეთ საკითხს, ისე რომ გული არავის ეტკინოს. დავიხსომოთ, ერთი რამ, რომ სამეგრელოსთვის სეპარატიზმის დაბრალება არის დიდი აბსურდი, რადგან ეს კუთხე ყოველთვის ქართული სახელმწიფოებრიობის ავანგარდში იდგა. თავის დროზე სულხან–საბამ მეგრულს ავენოვანთა მეტყველება უწოდა და ჩხიკვთა და კაჭკაჭთა ჟღურტულს შეადარა; შემდგომ იყო ვახუშტი ბაგრატიონი, რომელმაც მეგრული წამხდარ ქართულად მონათლა; მერე იყო ბატონებო რუხაძის და მგელაძის მიერ შეთითხნილი მეგრელთა საქმე და რეპრესიები; იყო მხედრიონის მრავალგზის ეგზეკუცია და სამეგრელოს აოხრება; იყო მურმან ლებანიძის როყიო და შეურაცხმყოფელი ლექსი, მაგრამ მე მეამაყება, რომ კოლხებმა ეს ყველაფერი ღირსეულად დაითმინეს ქართული სახელმწიფოს სიყვარულის ფასად და ერთიანობის საპირწონედ არასოდეს გაუხდიათ. ამიტომაც, საწყენია, როცა მეგრული ენის დაცვაზეა საუბარი და მყისვე სამეგრელოს დამოუკიდებლობას და სეპარატიზმის კუდს გამოაბამენ ამ ყველაფერს. საწყენია, ძალიან საწყენი, როცა თქვენი სტატიის ელექტრონული ვერსიის ქვეშ ასეთი კომენტარი ჩნდება: „სამი ორი ერთი ჯაბა ჯაბა ჯაბა ჯაბა ჯაბა ჯაბა აი ეს სიმღერა მოენატრა ზოგიერთ პროვოკოტორს ზუგდიდის ქუჩებში“ და რედაქციას ამაზე რეაქცია არ აქვს, მაშინ როცა ჩემს სრულიად უწყინარ კომენტარს არ აქვეყნებს. გავისიგრძეგანოთ ის ფაქტი, რომ მეგრული 500 000–ზე მეტი ადამიანისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს და ძალიან წმინდა და ხელუხლებელი რამაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მშობლიური ენის შეგინება ადამიანში არანაირ რეაქციას არ გამოიწვევს, მწარედ ცდება.

ეს ქვეყანა ტავისი მეგრულით, სვანურით, ლაზურითაა ლამაზი და მე არ ვისურვე ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ამ საუნჯის კვდომას ტაშით შეხვდებიან.

ყველასთან ბოდიშს ვითხოვ აღმატებული ტონისთვის და წერილს არჩილ მეფის სიტყვებით დავასრულებ: „რაც ენაა ყველა გითქვამს, სომხურიც და მეგრულიცა“….

გივი გ. ქარჩავა

[1] http://portal.unesco.org/ci/en/ev.php-URL_ID=28377&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html

[2] http://www.hurriyet.com.tr/kultur-sanat/haber/13479201.asp?gid=229


Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Comments

  • nikolas  On November 15, 2010 at 6:18 am

    sheni chiriem ra ghirseuli pasuxistvis am nadziralebs!!!iuri gvinjilia casakvania erti fsikiatriulshi saertot aris ki es adamiani gonebrivad normaluri?! me piradad dzaan didi echvi mepareba!! da rac sheexeba kviris palitras da zogadad kartul presas da medias es xo araprofesionaleis da uvicebis aspazeria da ra gasakviria amtgan eseti rame roca tvit maurman lebanidzem sashinelebebi dacera megrulze da is mainc iko metnaklebad ganatlebuli adamiani… chven ak sakme gvakvs shovinizmtan,cinizmtan,provincializmtan da ravici kide ramden ubedurebastan da am mizezta gamo davkarget zustad abxazeti da cxinvalis regioni!!magram ver iscavles kide zogiertma nasomxareba es etyoba!!!

  • შენ შემოგევლე …

  • Besarion Shonia  On February 3, 2011 at 1:37 pm

    გომორძგუა სქან გივი! სი რექ მარგალურ ნინაშ (ნანაშ ნინაშ) ადვოკატ! მარგალურ ჩქინ ნანაშ ნინარე! ჯგირობუა სი დო არძო სქანიანს!

    • karchava  On February 3, 2011 at 2:54 pm

      გეხარ ბესარიონ.
      არძო მარგალ მუშ ნინაშ ადუკანტი ოკო რდას.
      მა თაშ მიმორჩქუ.

  • jambuli  On May 7, 2011 at 4:26 pm

    gorontk goimordzgu

  • laz  On November 23, 2011 at 7:51 am

    iuri martali re do dudu danebit landzguas.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.