
“თურქეთის ავიახაზებმა” საქართველო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან წაშალა
სამწუხაროდ, დღეს აღმოვაჩინე, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) ოფიციალურ საიტზე, სადაც მარშრუტების რუკაა დადებული (http://www.turkishcargo.com.tr/cargo/route_map/index.aspx), საქართველო როგორც სახელმწიფო არ არსებობს. ვპოულობთ მხოლოდ ქალაქ თბილისს, სადაც ფრენებს ახორციელებს ზემოთხსენებული კომპანია, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელ კონტურებს რუკაზე, ნაჩვენებია მხოლოდ თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან გამყოფი სამხრეთ საზღვრის კონტური, ჩრდილოეთ საზღვარი კი ამ რუკაზე არ არსებობს, რაც ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ჰქვია, ამ რუკის მიხედვით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის.
საგულისხმოა, რომ THY სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამისად კომპანიის პოლიტიკა არ უნდა მოდიოდეს უთანხმოებაში თურქეთის სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან და ღირებულებებთან, მითუმეტეს საგარეო პოლიტიკურ სფეროში. დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ეს გაკეთებულია აფხაზური, ან ჩერქეზული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის მიერ, რომელსაც თურქეთში მოქმედი ათეულობით პრორუსული იდეოლოგიის ფლაგმანი აფხაზური სათვისტომოს პროპაგანდით გონება აქვს დაბნელებული.
მოვითხოვ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭიროს მტკიცე და ურყევი პოზიცია ბოლო დროს გახშირებული ამგვარი დანაშაულების მიმართ, შექმნას ჯგუფი ან კომისია, რომელსაც ექნება რეაგირებისა და დამნაშავის წინასწარი გაფრთხილებისა და საპროტესტო ნოტების გზავნის გარეშე სასამართლოში სარჩელის შეტანის პრეროგატივა. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თუნდაც ერთხელ მოგებული სასამართლო პროცესისა და დამნაშავის მიერ გადახდალი სოლიდური ჯარიმის შემდეგ, ყველა მოერიდება ამგვარი „ხარვეზების“ დაშვებას საკუთარი კომპანიის მუშაობის პროცესში.
მოგახსენებთ, რომ ამ რუკას იყენებს მსოფლიოში ათასობით საექსპედიტორო და გადამზიდავი კომპანია, ასევე მილიონობით უბრალო მგზავრი, შესაბამისად ამაზე უკეთეს შავ პიარს ჩვენი ქვეყანა ვერც ინატრებს. თანაც, ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული ხდება მეგობრად და პარტნიორად წოდებული ქვეყნის კუთვნილი სახელმწიფო კომპანიის მიერ.
დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც წინა შემთხვევებში, ეს წერილი ახლაც მივა ადრესატთან და რეაქციაც არ დააყოვნებს.