არმენოფობია საქართველოში

 

როგორც ებრაელებმა შეუწყვეს ხელი გარკვეულწილად ანტისემიტიზმის გაპიარებას და ამით ხელოვნურად შეიქმნეს თავდაცვის მექანიზმები და პრივილეგიები, ასევე სომხები ცდილობენ მიმართონ იგივე ტაქტიკას და არცთუ უშედეგოდ. ებრაელებისთვის ფაშიზმი გახდა ამ პროცესების კატალიზატორი, სომხებისთვის კი 1915 წლის თურქეთის მოვლენები. 1915 წლის მოვლენებით კი სომხებმა შეძლეს მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ ამ პატარა ერის ტრაგედია და მეორეს მხრივ ეცნობებინათ საკუთარი არსებობის შესახებ ზოგადად. როგორც ყველა უბედურებაგამოვლილ ერში, ამ ტრაგედიის შემდეგ სომხებშიც იფეთქა ნაციონალური თვითშეგნების და პატრიოტიზმის მოტივებმა და თვითგადარჩენის ინსტიქტმა, რომელმაც მასშტაბებით მოიცვა მსოფლიოს ყველა კუთხე, სადაც კი დასახლდა დახოცვას გადარჩენილი ასეულ ათასობით სომეხი დევნილი. მათ მალევე შეძლეს ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ფინანსურად თუ მორალურად მოძლიერდნენ და ახალი შემართებით წამოიწყეს ომი, როგორც საინფორმაციო, ასევე ნამდვილი ომი და ეს ომი დღემდე გრძელდება, ნიშანდობლივია, რომ სომეხთა წარმატებით. ნიშანდობლივია იმიტომ, რომ იგივე წარმატებით ვერ შეძლეს 1915 წელს თურქეთში ანალოგიური ძალადობის მსხვერპლმა ერებმა – ბერძნებმა და ასირიელებმა, რაც ალბათ სომეხთა ეთნოფსიქოლოგიის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. იგივე ბერძნებისგნა, ასირიელებისგან და თუნდაც ქართველებისგან განსხვავებით, მესამე თუ მეოთხე თაობის სომხები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაბადებული ყველა სფეროს წარმომადგენლები: მომღერლები, მსახიობები, ექიმები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ ნებისმიერი სახის ტრიბუნა გამოიყენონ სომეხთა გენოციდის გასაპროტესტებლად, მსოფლიოსთვის შესახსენებლად და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, რაც ძალიან მისასალმებელია. გადახედეთ საზღვრაგარეთელი სომხების (დენის აღაჯანიანი, ანდრე აღასი, შარლ აზნავური, შერი, გალუსტ გულბეკიანი, კიმ კარდაშიანი, სისტემ ოფ ე დაუნ, კირკ კერკორიანი, ჯეკ კევორკიანი, უილიამ საროიანი, სეიმურ სკინერი, ალენ თერზიანი, არლინ ფრენსისი, რიჩარდ ჰოვანესიანი, რეიმონდ დამადიანი, ჰოვსეფ ფაშმანი, ლარი გაგოსიანი, ჯერარდ კაფესჯიანი, ჰენრი სააკიანი, გერი ბრეივერი თუ სხვა მრავალი) ბიოგრაფიას და ყოველ მათგანში აღმოაჩენთ, რომ ისინი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არცერთ ეტაპზე გვერდს არ უვლიან გენოციდის თემას და ეს უდაოდ დასაფასებელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ 1915 წლის გენოცდიმა ერთი მხრივ წელში გატეხა სომეხი ერი, თუმცა მეორე მხრივ მათ სიცოცხლისუნარიან და აქტიურ დიასპორას ახალი სისხლი და სიძლიერე შეჰმატა, რამაც მოგვცა ის, რომ ე.წ. სომხური ლობი რეალობაა და საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი რეალობა.

ეს რაც შეეხებოდა სომხების დამოკიდებულებას მათი წარსულისადმი. ახლა ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო არმენოფობიის თემას საქართველოში – წარმოშობის პერიოდს და მიზეზებს, განვითარების ეტაპებს და დღეისათვის მოცემულ სურათს. ამიერკავკასიის და მომიჯნავე სამხრეთის ტერიოტორიებზე არსებული არაერთი ანტიკური სახელმწიფო და კულტურული წარმონაქმნის განვითარების, ათქვეფის და გაქრობის შემდეგ მივიღეთ ორი უმდიდრესი და უძლიერესი ქრისტიანული ცივილიზაცია გვერდიგვერდ: არმენული და ქართველური, რომელთა შობა არქაული ცივილიზაციების წიაღიდან, განვითარება, დახვეწა პარალელურად მიმდინარეობდა, როგორც დროის, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. ლოგიკურია, რომ ეს ფაქტორები აუცილებლად წარმოშობენ კონკურენციის მოთხოვნილებას და ეს ასეც მოხდა. ქართველებისა და სომხებისთვის, რომლებიც გრძელი პერიოდის განმავლობაში ქმნიდნენ ვექტორულად სწორხაზოვან კულტურულ ღირებულებებს ეთნოლინგვისტური მახასიათებლების თანხლებით, სწორედ ეს უკანასკნელი იყო კონკურენციის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი, რადგან სხვა ყველა პირობა ორივე ერს ერთგვაროვანი ჰქონდა. დროთა განმავლობაში კი იცვლებოდა ეს პირობებიც, რაც რომელიმე ერთის “გამარჯვების”, წარმატების საწინდარი ხდებოდა. მრავალი ფაქტორი – პოლიტიკური, გეოგრაფიული თუ ეკონომიკური – სომხებისთვის გახდა ერთგვარი ბიძგი, რომ ისინი მთელს მსოფლიოს მოსდებოდნენ და რადგანაც ამ ეთნოსს ახასიათებს კომპაქტური ბინადრობის თვისებები, ადვილად ინარჩუნებდნენ ენასაც და კულტურასაც. აღნიშნულ პირობებში კი, ამ კომპაქტურ დასახლებებში სამშობლოს პარარლელურად ვითარდებოდა სამწერლობო, მუსიკალური, რელიგიური თუ ა.შ. კულტურა. აღნიშვნის ღირსია, რომ სომხებს ამაში ხელს ეთნოფსიქოლოგიაც უწყობდა, რაც მაქსიმალურ კონსერვაციაზე და ნაციონალიზმზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ქართველების შემთხვევაში ეთნოფსიქოლოგია სხვა მიმართულებით აღმოჩნდა ძლიერი.

სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ კი, ერის პოლიტიკური, სულიერი და კულტურული მართვის სადავეები სომხურმა სამოქციქულო ეკლესიამ აიღო ხელში. აუციელბალდ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სომხური ეკლესია ამ მისიაში ვერ იქნებოდა ასე ძლიერი, რომ არა მისი ხელსაყრელობა არაერთი სუპერსახელმწიფოსთვის. მოგეხსენებათ, რელიგია ადრიდანვე ძალიან ეფექტური საშუალება იყო სახელმწიფოთაშორის ომების წარმოებისას, ამიტომაც ბიზანტიის წინააღმდეგ განწყობილი ირანის მიერ მონოფიზიტობის მფარველობამ ძალიან მოაძლიერა სომხური ეკლესია, რამაც მას საშუალება მისცა მოქმედების მასშტაბები და მიმართულებები გაეზარდა. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება გახლდათ მისიონერული მიმართულება სომხურ ეკლესიაში. აღნიშნული ქართულ ეკლესიასაც ახასიათებდა ადრეულ შუა საუკუნეებში, თუმცა თუკი ქართული მისიონერიზმი ქართულ ტერიტორიებზე და წმინდა მიწებზე საყდრების შენებით შემოიფარგლებოდა, სომხურ ეკლესიას ეს მიმართულება გაშლილი ჰქონდა ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ყველა კუთხეში, სადაც კი ეთნიკურად და სარწმუნოებრივად სომეხი ცხოვრობდა. სომხებისგან განსხვავებით ქართველებს სახელმწიფოებრიობა სრულად არასოდეს დაუკარგავთ, გარდა ბოლო 200 წლისა, ამიტომაც ამ ერს არასოდეს დასჭირვებია ალტერნატიული სხელმწიფოებრივი სიმბოლოების შექმნა, რაც სომხების სიტუაციაში აუცილებლობას წარმოადგენდა და ასეთი სიმბოლო იყო სომხური ეკლესია, რომელსაც სომეხი საზოგადოება აღიქვამდა როგორც არა მხოლოდ მათ რელიგიური იდენტობის განმსაზღვრელს, არამედ როგორც დაკარგული სახელმწიფოებრიობის და ერთიანობის ალტერნატიულ ნიშანსაც. სწორედ ამით იყო განპირობებული სომხური ეკლესიების სიჭარბე მთელს მსოფლიოში, იქ სადაც კი სომხები ცხოვრობდნენ. ცნობისთვის, სინგაპურში პირველი ქრისტიანული ეკლესია სწორედ სომხურია. ინდოეთში პირველი სომხური ტაძარი აშენდა 1562 წელს, ამავე პერიოდშია აშენებული ლაჰორის სომხური ტაძარი პაკისტანში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ფაქტი, რომ სომხები ოდითგანვე ცხოვრობდნენ საქართველოში და შესაბამისად ეკლესიებსაც აშენებდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ დროა ქართული საზოგადოების ეგზალტირებულმა ნაწილმა თავი დაანებოს იმის მტკიცებას, რომ სომხები საქართველოში მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდნენ რუსების წყალობით და ყველა ტაძარი, რომელსაც ისინი იჩემებენ, სინამდვილეში ქართულია.

სახელმწიფოების დაკარგვამ თავისთავად შობა კომპლექსები სომეხ საზოგადოებაში, რომელიც მათ ნაციონალისტურ ამბიციებში გადაიზარდა და რომელიც ხშირად ძალიან სასაცილო ხასიათს ატარებს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველებიც ბევრად არ ჩამოვრჩებით სომხებს ამ მიმართულებით, რაც ასევე კომპლექსების ბრალია. ალბათ ყველა შეძლებთ გაიხსენოთ ზოგიერთი ქართველი მეცნიერის “ბოდვა” ქართველთა ისტორიული განსახლების უზარმაზარ მასშტაბებზე, ატლანტიდის კონტინენტის ქართულობაზე, ჯიმი კარტერის ქართველობაზე და ა.შ. რამდენ თქვენთაგანს სჯერა, რომ აჰმადინეჯადი ქართველია? ან ერდოღანი? რომ პეტრე პირველი ქართველის ნაბიჭვარი იყო?

კავკასიაში რუსეთის გამოჩენამ ბევრი ერი და ეთნოსი ცუდ დღეში ჩააგდო, ზოგს კი შედარებით ნაკლები როზგი ხვდა წილად. ასეთთა რიცხვში აღმოჩნდნენ სომხებიც, რომლებიც ისე მტკივნეულად არ შეხვედრიან რუსების გავლენის გაძლიერებას კავკასიაში, როგორც ქართველები, რადგან ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით რუსეთს სომხეთისთვის სახელმწიფოებრიობა არ წაურთმევია მაშინ. ასევე, სომხებისთვის დამახასიათებელმა ბევრმა თვისებამ, მათ შორის ძლიერმა სავაჭრო ტრადიციებმა რამდენადმე კეთილად განაწყო იმპერია ამ ხალხის მიმართ. და საერთოდ, ეს დიდი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი იყო – მაგალითად, ცნობილია ფაქტი, როცა მოღოლების იმპერატორმა აქბარმა ოფიციალურად შესთავაზა სომხებს ინდოეთში ჩამოსახლება, რის შედეგადაც აგრაში, ბომბეიში, კალკუტაში, პაკისტანისა და ბანგლადეშის მრავალ ქალაქში გაჩნდა მოზრდილი სომხური დასახლებები.

მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში სომეხი ვაჭრები საკმაოდ გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ ქვეყანაში და ფინანსური ბერკეტების დიდი ნაწილი მათ ხელში იყო. რუსი იმპერიალისტების ხელში ამ ფენის ერთი ნაწილი საკმაოდ კარგი იარაღი გახდა, ამას ისიც დაემატა, რომ მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში გაძლიერებულმა სომხურმა ნაციონალისტურმა იდეამ ზრდა და გაძლიერება განიცადა და 1890 წელს სწორედ თბილისში დაფუძნდა “ჰეღაპოხაქან დაშნაქცუტჲუნის” სახელწოდებით. “დაშნაკების” პარტია და ზოგადად დაშნაკური იდეოლოგია იმით იყო გამორჩეული, რომ ნაციონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანწილად აგებული იყო ე.წ. სომხური იმპერიალიზმის მოტივებზე და დაშნაკები პირველები იყვნენ, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობის დონეზე პირველად გააკეთეს შესაბამისი განაცხადი ამ მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ თბილისში დაფუძნებულმა პარტიამ ნაციონალისტურად განწყობილ ეთნიკურ სომხებში სერიოზული დასაყრდენი ჰპოვა და ცხადია მისი იმპერიული მადა საქართველოს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანასაც გადასწვდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სომეხი ნაციონალისტების აღვირახსნილი იდეოლოგიური მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ, ისტორიის გაყალბებებით თუ საინფორმაციო ომის სხვადასხვა საშუალებებით. და სწორედ ამ პროცესებს დაუპირისპირდა მაშინ ილია ჭავჭავაძე, რომლის დასტურიცაა მის მიერ საადგილმამულო ბანკის დაარსება და “ქვათა ღაღადი”. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება არმენოფობიის მუტირებული ზრდა ქართველებში, რომელმაც ისეთ მასშტაბებსაც კი მიაღწია, რომ ეთნონიმი “სომეხი” ხშირ შემთხვევაში მაკნინებელ შეფასებად იქცა და გარკვეულწილად ეს დღემდეც ძალაშია. რუსების მიერ მუსლიმანი ქართველების გაყრამ და მათ კარმიდამოზე არზრუმელი და ყარსელი სომხების ჩასახლებამ, 1918 წელს დაშნაკური სომხეთის თავდასხმამ საქართველოზე, აფხაზეთის ომში ეთნიკური ნიშნით დაკომპლექტებული ბაგრამიანის ბატალიონის ქმედებებმა და სხვა უამრავმა ფაქტორმა კი მიგვიყვანა იქამდე, რომ არმენოფობიამ საშიში სახე მიიღო ქვეყანაში.

1991 წელს სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაშნაკცუტიუნმა სერიოზულად გაიმაგრა პოზიციები. დღეისათვის სომხეთის პარლამენტში შემადგენლობის 16% დაშნაკებს ეკუთვნით, არწახის პარლამენტის 3%, ხოლო ლიბანში, ეს პარტია ოფიციალურადაა რეგისტრირებული მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან და ამ ქვეყნის 128 კაციან პარლამნეტში 2 წარმოამდგენელი ჰყავთ, ასევე ლიბანის მთავრობაშიც 2. რაც ყველაზე სამწუხაროა, დაშნაკური იდეოლოგია დიდი პოპულარობით სარგებლობს სომხეთის მოსახლეობაში და დიასპორაში, საიდანაც შეგროვილი შემოწირულობებით სერიოზულ პიარკამპანიას ეწევა აღნიშნულ პარტია. პარტიის მთავარ მიზნებში კი შემდეგს ვკითხულობთ: თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი სომხეთის შექმნა 1920 წლის სევრის ხელშეკრულების ფარგლებში აღიარებული საზღვრებით, ასევე არწახით, ნახჭევანით და ჯავახეთით. საამისოდ დაშნაკცუტჲუნი არ იშურებს ფინანსებს და აწარმოებს სერიოზულ იდეოლოგიურ და საინფორმაციო ომს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის მსხვერპლიც ხშირად საქართველოც ხდება.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ქართველი საზოგადოების აგრესია ამ იდეოლოგიის მისამართით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აგრესია და კონკრეტულად არმენოფობია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე არანაირად არ არის მომგებიანი. ვფიქრობ, რომ პრაგმატულობა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რაც სამწუხაროდ გვაკლია და ზოგადად ქართველთა ეთნომენტალიტეტი ამ თვისების დიდ დეფიციტს განიცდის. ჩათვალეთ, რომ ერთი არეულობა ეთნიკურ ნიადაგზე, ერთი ტყვიის გავარდნა და ქვეყანა საბოლოოდ შევა ისეთ ჩიხში, საიდანაც ვეღარასოდეს გამოძვრება. ადამიანები, რომლებიც რადიკალურ ქმედებებისკენ მოგვიწოდებენ და საკმაოდ ქსენოფობიურ გამოხდომებს მიმართავენ, არ არიან გაცნობიერებულები ქვეყნის შესაძლებლობებში, და სწორედ ამ გაუცნობიერებლობის ნიადაგზე აძლიერებენ დაძაბულობის ხარისხს ცარიელი ემოციებით დატვირთული განცხადებების მეშვეობით. ყველამ კარგად უნდა შევიგნოთ, რომ თალაათ ფაშას სურათებით სირბილი, გენოციდის 100 წლისთავის მტკივნეულ კონტექსტში შეხსენება, ქსენოფობიურ და ხშირად ფაშისტური განცხადებების კეთება არანაირად არ ასხამს წყალს საქართველოს წისქვილზე. არ დაგავიწყდეთ, რომ სომხების გენოციდი დამოკლეს მახვილივით ადევს კისერზე ისეთ ძლიერ სახელმწიფოს როგორიც თურქეთია, სადაც, მიუხედავად ყველაფრისა დღემდე 7 სომხური ტაძარი ფუნქციონირებს. ხელისუფლებასაც, ეკლესიასაც და უბრალო მოქალაქეებსაც უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს უფრო საზრიანი, პრაგმატული, უმტკივნეულო გზები პრობლემების თავიდან ასარიდებლად და სწორედ ამას უნდა მივმართოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საზოგადოება არ უნდა დაიყოს ხელისუფლების მომხრეებად და მრევლად, რომლებიც კონფრონტაციას და შესაძლოა სისხლიან დაპირისპირებასაც ვერ გაექცევიან, არამედ ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც კოორდინირებული მუშაობისკენ, როგორც ამას აკეთებენ ოფიციალური ერევანი და ეჩმიაძინი საქართველოს საკითხთან მიმართებაში. უნდა გვესმოდეს, რომ რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული მხარის მოწესრიგება არ არის კატასტროფა და ეს გარდაუვალია დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე წარმატებულად გასავლელად; უნდა შევაგნებინოთ ეკლესიას, რომ სომხური ან კათოლიკური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება არანაირად არ ჩასცემს მართლმადიდებლობას მახვილს და მრევლს ამ აღმსარებლობებისკენ არ გადენის. ასევე, უნდა შევაგნებინოთ ხელისუფლებას და ვაიძულოთ ის, რომ სომხეთის საპატრიარქოსთვის ისტორიულად სომხური ტაძრების გადაცემა მოხდებას ნაცვალგების პრინციპებზე და სომხური მხარე უნდა წამოვიდეს შემხვედრ ნაბიჯებზე, კერძოდ – საქართველოს საპატრიარქოს გადმოსცეს ქობაირის, ახტალის, ახპატის, ძელიჭეშმარიტის, ანისის და სხვა ქართული ტაძრები. უნდა ვაიძულოთ მეცნიერები, თავი დაანებონ უმწეო გამოსვლებს მედიაში და სომეხი გამყალბებლების წყევლა-კრულვას, ნაცვლად ამისა კი მოჰკიდონ ხელი დასაბუთებული, გამართული მეცნიერული პასუხების შემუშავებას და დადებას. და ბოლოს, ჩვენ, უბრალო მოქალაქეები უნდა ვეცადოთ, რომ თავი ხელში ავიყვანოთ და ისეთი სიბრიყვე არ ჩავიდინოთ, რომ ამას ქვეყნის ინტერესები გადაჰყვეს.

Post a comment or leave a trackback: Trackback URL.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.